ახალი ამბები

თბილისის მერიის ორი თანამშრომელი მიკერძოებული გადაწყვეტილების მიზეზით გაათავისუფლეს

14 თებერვალი, 2018 • 1265
თბილისის მერიის ორი თანამშრომელი მიკერძოებული გადაწყვეტილების მიზეზით გაათავისუფლეს

თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების საბაბით გაათავისუფლეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ამის შესახებ დღეს, 14 თებერვალს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ განმარტა, მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და აღმოაჩინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმეწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევაა.

დედაქალაქის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცემერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.

“მესმის, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაც გაუჭირდეს, პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, დავეხმარებით, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და არა ასე, რაც ამ ორ ადამიანთან მიმართებაში გამოიკვეთა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი