ახალი ამბები

ოლიმპიადის ოქროს მედალოსანს Netflix-ის ყურებისას ჩაეძინა და შეჯიბრს ძლივს მიუსწრო

13 თებერვალი, 2018 • 2033
ოლიმპიადის ოქროს მედალოსანს Netflix-ის ყურებისას ჩაეძინა და შეჯიბრს ძლივს მიუსწრო

სნოუბორდისტმა რედ ჯერარდმა ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. კვირას, 11 თებერვალს, 17 წლის ათლეტმა მოწინააღმდეგეებთან შედარებით ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა და აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური მედალოსანი გახდა. თუმცა მანამდე მისი მეგობრის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება რომ არა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო.

საქმე ის არის, რომ ოლიმპიადისთვის რამდენიმედღიანი განუწყვეტელი მზადების შემდეგ, ჯერარდმა გადაწყვიტა, ასპარეზობის წინა ღამეს სატელევიზიო გადაცემა Brooklyne Nine-Nine-ის ეპიზოდებით დამტკბარიყო. თუმცა გადაღლამ თავისი ქნა და ათლეტს ეკრანთან ჩაეძინა. მაღვიძარამ, რომელმაც 06:00-ზე დარეკა, რედზე ვერ იმოქმედა – ათლეტმა ძილი განაგრძო. არავინ იცის, გაახარებდა თუ არა ის თანაგუნდელებსა და გულშემატკივარს პირველი ოლიმპიური ოქროთი, 20 წუთის შემდეგ მეგობარს რომ არ გაეღვიძებინა.

როგორც გამოცემა The Independent წერს, ამის შემდეგ სპორტსმენი კიდევ ერთ გასაჭირში ჩავარდა – აფორიაქებულმა და დაბნეულმა სნოუბორდინგისთვის საჭირო სპეციალურ ტანისამოსს ვერ მიაგნო. საბოლოოდ, ათლეტს დაღმართზე დაშვება მეგობრის ტანისამოსით მოუწია.

მიუხედავად ყველაფრისა, 17 წლის რედ ჯერარდით დღეს მთელი აშშ ამაყობს. 100-დან 87.16 ქულით ქვეყნის გუნდს პირველი ოქრო მოუტანა და 1928 წლის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური მედალოსანი გახდა.

აშშ-ის გუნდი ამ დროისთვის 3 ოქროს, 1 ვერცხლსა და 2 ბრინჯაოს ფლობს. ყველაზე მეტი – 11 ოქრო ნიდერლანდებს აქვს, ოქროს მედლების(5) რაოდენობით კი გერმანია ლიდერობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი