ტონგას პარლამენტი განადგურდა. ფოტო: AFP

ქარიშხალმა ტონგას პარლამენტის შენობა გაანადგურა

წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას თავს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა. ბოლო 60 წლის მანძილზე უძლიერესმა, მეოთხე კატეგორიის ციკლონმა “გიტამ” სხვა ნაგებობებთან ერთად ქვეყნის პარლამენტის შენობაც ნანგრევებად აქცია.

სტიქია ქვეყნის მასშტაბით 13 თებერვლის ღამით დაიწყო, ქარის სიჩქარე კი საათში 200 კილომეტრს აღწევდა. Reuters-ის ცნობით, ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც. დედაქალაქ ნუკუალოფაში მდებარე პარლამენტის შენობა, რომელიც ციკლონს შეეწირა, საუკუნეს ითვლიდა.

ტონგას პარლამენტი განადგურდა. ფოტო: AFP

ტონგას პარლამენტი განადგურდა. ფოტო: AFP

ქვეყნის პოლიციის ცნობით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 30-მა ადამიანმა მცირედი დაზიანებები მიიღო. ღამის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებს 5 700-მა ადამიანმა მიაკითხა.

დაზარალებულ სახელმწიფოს მეზობელმა ქვეყნებმა დახმარება მალევე აღმოუჩინეს. ქარიშხლის შედეგებთან გასამკლავებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად ავსტრალიამ $275 000, ახალმა ზელანდიამ კი – $45 000 გაიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან