ახალი ამბები

ხადური: ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას

10 სექტემბერი, 2013 • 1019
ხადური: ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციამდე დღეში მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატებოდა 5 000-ს, ამჟამად ეს რიცხვი გაზრდილია 13 000-მდე.

„ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღარ არის სატრანზიტო ქვეყანა მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საქართველო არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი და ეს არის, სამწუხაროდ, ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პუნქტი იმისათვის, რომ საქართველომ საავტომობილო გადაზიდვები შეასრულოს,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.  
 
„საპროექტო ღირებულება მთლიანად შეადგენს 10 მლნ ლარს. ამასთან, საბაჟო გამშვები პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულყოფილად შესრულდეს საბაჟო პროცედურები,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
 
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგს” დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა ხდება:
 
„რუსეთიდან გაზრდილია ტურისტების  რაოდენობა და ეს პუნქტი ამ გაზრდილ ნაკადებს მოემსახურება. საბაჟო გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს ხელს შეუწყობს წარმოებაში ინვესტორების მოზიდვას, საბჟო გამშვები პუნქტი აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე სისტემებით: სატვირთო მანქანების სკანერების სიტემებით, არასტანდარტული მანქანების გატარების სისტემით, უნარშეზღუდულთათვის სპეციალური გასასვლელით. აქ არსებული პირობით საქართველო იქნება რეგიონში გამორჩეული”.
 
სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებისთვის 9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. რეაბილიტაციის ფარგლებში 17 000 კვადრატულ მეტრზე განახლდა და დაისხა ბეტონის 20 სმ-იანი საფარი. მიმდინარეობს სატვირთო მანქანების დასათვალიერებელი რამპისა და პარკინგის მშენებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი