ახალი ამბები

მარგველაშვილი: ცენტრალური შტაბი შეისწავლის, პედაგოგების მობილიზება არის შემთხვევა თუ ძირითადი ფორმატი

10 სექტემბერი, 2013 • • 1037
მარგველაშვილი: ცენტრალური შტაბი შეისწავლის, პედაგოგების მობილიზება არის შემთხვევა თუ ძირითადი ფორმატი

“ნეტგაზეთთან” საუბარში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ რატომ მოვიდნენ პედაგოგები პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე, ამ საკითხს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი შეისწავლის:   

 

“ჩვენი ცენტრალური შტაბი შეისწავლის კონკრეტულად ამ საკითხს. მთავარია გამოვყოთ – ეს არის  შემთხვევა და ძირითადი ფორმატი. თუ ეს არის შემთხვევა, უნდა გავარკვიოთ, რატომ მოხდა ეს შემთხვევა, თუ უბრალოდ დამთხვევაა.  თუ ეს მოხდა ვიღაცის მიერ ორგანიზებულად, ეს უნდა იყოს ხაზგასმული და მეტი ასეთი რამე არ მოხდეს. ის, რომ “ქართული ოცნების”ცენტრალურ სტრუქტურებში ასეთი აზროვნება არ არის, ამის გარანტიას გაძლევთ. მაგრამ ამ ეტაპზე ეს კონკრეტული შემთხვევა შესწავლილი არ არის. ”      

 

მარგველაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ მიიღო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა პედაგოგების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით: “ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე წარსული, სწორედ პედაგოგების მობილიზაციის ნაწილში. მთელი ჩემი 9-თვიანი მუშაობა როგორც მინისტრისა იყო მომართული იმისკენ, რომ შეგვეცვალა ის მმართველობითი ფორმატი, როემლიც არსებობდა განათლების სამინისტროში, როდესაც პედაგოგები, ფაქტობრივად, სამხედრო სამსახურში იყვნენ და დადიოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო მიტინგებზე.” 

 

კოალიცა “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ირწმუნება, რომ კოალიციის მიზანია დემოკრატოული არჩევნების ჩატარება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარის თქმა:”მე გარწმუნებთ, რომ ცენტრალური შტაბიდან და პირადად ჩვენი გუნდიდან ვინც ვართ ამ არჩევნებში ჩართული, პედაგოგების ასეთი მოტივაცია გამორიცხულია. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევევას,  შესასწავლია და გამოსარკვევია არის თუ არა რამე დარღვევა და ჩვენ ამას გამოვიკვლევთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არა მხოლოდ ამ არჩევნების მოგება არის პრინციპული, უმნიშვნელოვანესია ეს არჩევნები იყოს მოგებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც შიდა მოხმარებისთვის, იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა დავიჯეროთ, რომ დემოკრატია შესაძლებელია და დემოკრატია ჩვენი ბუნებრივი არსებობის ფორმაა. ეს მნიშვნელოვანია ასევე გარემოსთვისაც. არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც არჩევნების მოგება. ასე რომ, ჩავიხედავთ ამ საკითხებში.” 

 

9 სექტემბერს, კახეთში კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართულ წინაასაარჩევნო შეხვედრაზე პედაგოგები მივიდნენ. ამის შესახებ ვიდეომასალა გუშინ  “კახეთის საინფორმაციო ცენტრმა” გაავრცელა.   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი