ახალი ამბებიგართობასაზოგადოება

მარტივი მეთოდი, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

13 თებერვალი, 2018 • 6404
მარტივი მეთოდი, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

იმის შესახებ საუბარი, რომ ახალი ინფორმაციის მიღებისას რაც უფრო მეტ შრომას ჩადებ სწავლაში, მით უფრო მეტ შედეგს მიიღებ, ლოგიკას მოკლებული არ არის. თუმცა, როგორც BBC წერს, ინფორმაციის დამახსოვრებისთვის უკეთესია, თუ ტვინს სრული დასვენებისა და გადატვირთვის საშუალებას მისცემთ.

“მინიმალური ჩარევის” პრინციპი და ინფორმაციის მიღების შემდეგ ტვინისთვის 10-15-წუთიანი “თავისუფლების” მინიჭება ინფორმაციის უკეთ ათვისებას რომ აუმჯობესებს, პირველად, დოკუმენტურად 1900 წელსაც დადასტურდა. გერმანლმა ფსიქოლოგმა გეორგ ელიას მიულერმა და მისმა სტუდენტმა ალფონს პილცეკერმა მეხსიერების შესწავლისას რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთ-ერთი კვლევისას მონაწილეებს სთხოვეს, დაემახსოვრებინათ ბგერების უშინაარსო მარცვლები. მარცვლების დამახსოვრების შემდეგ ჯგუფის ერთ ნაწილს დასასვენებლად ექვსი წუთი მისცეს, ხოლო მეორე ნაწილს, პირიქით – სთხოვეს, გაეგრძელებინათ მარცვლების სწავლა.

მიულერმა და პილცეკერმა მონაწილეები საათნახევრის შემდეგ შეამოწმეს და დაადგინეს, რომ იმ ჯგუფის ნაწილმა, რომელმაც მარცვლების შესწავლის შემდეგ დაისვენა, საშუალოდ, მარცვლების 50% დაიმახსოვრა, ხოლო იმ ჯგუფმა, რომელმაც გააგრძელა სწავლა – 28%.

მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ამ აღმოჩენას არაერთი მეცნიერი და მკვლევარი მიუბრუნდა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვლევა 2000-იანების დასაწყისში სერჰიო დელლა სალასამ (ედინბურგის უნივერსიტეტი) და ნელსონ კოუანმა (მისურის უნივერსიტეტი)  ჩაატარეს.

მეცნიერთა ჯგუფი იკვლევდა, აუმჯობესებს თუ არა “ჩარევის ნაკლებობა” იმ ადამიანების მეხსიერებას, რომლებსაც გარკვეული ნევროლოგიური პრობლემები აქვთ. ერთ-ერთი ექსპერიმენტისას სალასამ და კოუანმა დაახლოებით იმ კვლევის მეთოდი გამოიყენეს, რომლითაც მიულერი და პილცეკერი სარგებლობდნენ. მონაწილეებს მისცეს სია, რომელიც 15 სიტყვისგან შედგებოდა, 10 წუთის შემდეგ კი შეამოწმეს. სიტყვების შესწავლის შემდეგ ერთ შემთხვევაში მონაწილეებს სტანდარტული კოგნიტური უნარების ტესტი დაურიგეს, ხოლო სხვებს სთხოვეს, ბნელ ოთახში შესულიყვნენ და ჩაძინებისგან თავი აერიდებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ არ შეცვლილა იმ მონაწილეების რეზულტატი, რომლებსაც ამნეზიის გვიანი სტადია ჰქონდათ,, სხვა მონაწილეებმა დამახსოვრებული სიტყვათა რაოდენობა 14%-დან 49%-მდე გაზარდეს. შედეგი მიუახლოვდა იმ ადამიანთა მაჩვენებლებს, რომლებსაც არავითარი ნევროლოგიური პრობლემა არ ჰქონიათ.

მეცნიერების კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა უფრო კარგი შედეგი აჩვენა. ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებს მოასმენინეს ამბავი და ერთი საათის შემდეგ მის შესახებ კითხვები დაუსვეს. როდესაც მონაწილეებმა არ დაისვენეს, მონათხრობის მხოლოდ 7% გაიხსენეს, თუმცა,  დასვენებით – რეზულტატი 11-ჯერ გაიზარდა და 79%-ს მიაღწია. მკვლევრებმა იგივე ტესტი ჩაუტარეს ჯანმრთელ მონაწილეებსაც. მაგრამ მათ პირველ და ბოლო მაჩვენებელს შორის ასეთი განსხვავება არ ყოფილა. დასვენების გარეშე მათ მონათხრობის 10%-ის გახსენება შეძლეს, ხოლო დასვენებით – 30%-ის.

დელლა სალას და კოუანის ყოფილმა სტუდენტმა, მიქაელა დეუარმა, ჰერიოტ-უათის უნივერსიტეტიდან, საკვლევი თემის შესახებ კიდევ რამდენიმე ტესტი ჩაატარა, მათ შორის ერთ-ერთის  ფოკუსი იყო ის, თუ როგორ მოქმედებს დასვენება დამახსოვრების ფუნქციაზე. კვლევის თანახმად, დასვენება ტვინს ეხმარება ე.წ. სივრცითი მოგონებების შეგროვებაში. მაგალითისთვის, მონაწილეებმა ვირტუალურ რეალობაში უკეთ შეძლეს ადგილებისა და ტერიტორიების დამახსოვრება. მეთოდი თანაბრად მოქმედებს როგორც ახალგაზრდა, ისე – ასაკოვან მონაწილეებზე. გარდა ამისა, კვლევის შედეგად გამოჩნდა ისიც, რომ დამახსოვრების ფუნქცია გაუუმჯობესდათ იმ მონაწილეებსაც, რომლებსაც ალცჰაიმერის შედარებით სუსტი სტადია ჰქონდათ.

თითოეულ შემთხვევაში მკლევრები მონაწილეებს სთხოვდნენ, უბრალოდ, დამსხდარიყვნენ წყნარ, ჩაბნელებულ ოთახში ტელეფონებისა თუ სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე.

“ჩვენ მათთვის არავითარი ინსტრუქცია არ მიგვიცია, თუ რა უნდა ეკეთებინათ ან არ უნდა ეკეთებინათ დასვენებისას. თუმცა ექსპერიმენტის შემდეგ შევსებული კითხვარების მიხედვით, მათი უმეტესობა, უბრალოდ, ტვინს აძლევდა საშუალებას, რომ  უკონტროლოდ “ეხეტიალა” – განაცხადა მიქაელა დეუარმა.

მაგრამ ოცნების შემთხვევაშიც კი ტვინის ზედმეტი გადატვირთვა არ ღირს. როგორც დეუარის, სალასას და მაიკლ ქრეიგის ერთ-ერთ კვლევაში ჩანს, თუ მონაწილეებს იმავე პირობებში დასვენებისას სთხოვენ, წარმოიდგინონ წარსული ან იოცნებონ, მათი მიერ შესწავლილი მასალის ხარისხი ეცემა და, შესაბამისად, უფრო ნაკლები ამახსოვრდებათ.

მეთოდის მუშაობის ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტვინში მოგონების ფორმირების პროცესს უკავშირდება. დღეს უკვე ცნობილია, რომ მოგონებები იმთავითვე “დაშიფრულია” და  გადიან გარკვეული გამყარების პროცესს, რის შემდეგადაც ჩვენი ტვინის “საწყობში” დიდი ხნით რჩებიან. ადრე არსებობდა მოსაზრება, თითქოს გამყარების პროცესი უკეთ მიმდინარეობდა ძილის დროს, როცა კომუნიკაცია ჰიპოკამპუსსა (ადგილი, სადაც მოგონებები პირველად ფორმირდება) და თავის ნახევარსფეროების ქერქს შორის მიმდინარეობდა. ამ პროცესის დროს შესაძლებელია ჩნდებოდეს და მყარდებოდეს ნერვული კავშირები, რაც აუცილებელია გახსენებისთვის.

თუმცა მოსაზრება, თითქოს ტვინის ღამის აქტივობა იმის მიზეზია, რომ ადამიანი რაღაცებს უკეთ იმახსოვრებს, ლილა დავამა (ნიუ იორკის უნივერსიტეტი) თავისი კვლევით   2010 წელს უარყო. ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ტვინში მსგავსი აქტივობები დღისითაც მიმდინარეობს. მისივე ნაშრომით კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ურთიერთკავშირი ჰიპოკამპუსსსა და ტვინის ქერქს შორის დასვენებისას იზრდება, შესაბამისად, მონაწილეები დავალებით მიცემულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ.

შესაძლოა, დასვენების შედეგად ტვინი უკეთ ინახავდეს იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე ნასწავლია ზედმეტი სტიმულაციებისა თუ ჩარევის აღმოფხვრის გზით. თუმცა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის სხეულის მთავარ ორგანოს უკეთ მუშაობისთვის სჭირდება “გადატვირთვა” და სრული, მათ შორის, სმარტფონებისგან თავისუფალი დასვენება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი