ახალი ამბები

კლერ მუდი: ევროპარლამენტი დიდ ინტერესს გამოხატავს ჩაბუქის საქმის მიმართ

13 თებერვალი, 2018 • 2696
კლერ მუდი: ევროპარლამენტი დიდ ინტერესს გამოხატავს ჩაბუქის საქმის მიმართ

ევროპარლამენტის წევრი კლერ მუდი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი სკოლა-ლიცეუმ “სხივს” ესტუმრა, რომელიც ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებებიდან ერთ-ერთია.

შეხვედრაზე მყოფებმა კლერ მუდს უამბეს ჩაბუქის საქმის დეტალების შესახებ და იმ პოლიტიკურ გარემოებებზე ისაუბრეს, რაც მათი თქმით, აფერხებს საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას. თავად ევროპარლამენტარმა მედიასთან საუბრისას დაკავებულის სწრაფად გათავისუფლების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი საქმის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება:

“მიხარია, რომ საშუალება მომეცა, გვესაუბრა შესანიშნავ საქმეზე, რომელსაც ეს სკოლა აკეთებს, განათლებას აძლევს ახალგაზრდებს საქართველოსა და ქართულ ტრადიციებზე. მაგრამ კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც აქ მოვედი, ბატონი ჩაბუქის საქმეა. ევროპარლამენტი ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს ამ საქმის მიმართ. გვინდა, ბატონი ჩაბუქი გათავისუფლდეს, ვიხილოთ საკუთარ ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მალე და განაგრძოს უდიდესი საქმიანობა, რასაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემის კუთხით აკეთებს”.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, აქვს თუ არა ქართულ მხარეს ბერკეტები, შეაჩეროს ექსტრადიციის პროცესი საქმის პოლიტიკური ასპექტებიდან გამომდინარე, მუდმა აღნიშნა, რომ საქმე სამართლიანობის პრინციპების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

“თუ ეს საქმე პოლიტიკას უკავშირდება, მე პოლიტიკოსი ვარ და სწორედ ეს არის ჩემი სფერო. საქმის შედეგი უნდა დადგეს სამართლიანობის პრინციპებისა და ევროპული ღირებულებების შესაბამისად.

…სწორედ ამიტომ ვართ აქ მე და ჩემი კოლეგები, რათა ნათლად დავაფიქსიროთ, რომ სერიოზულად ვუყურებთ ამ საქმეს. გვინდა, დადგეს სწორი განაჩენი და ვერ ვაგებთ პასუხს იმ უარყოფით შედეგებზე, რომლებსც არასწორი განაჩენი მოიტანს”, – აღნიშნა მან.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი