მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნებას აპირებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო UNIANI გერმანულ გამოცემა DW-ზე დაყრდნობით წერს:

“ კიევის კაფეში მე თავს რამდენიმე ნიღბიანი დამესხა, მათ მე მომიტაცეს, მემუქრებოდნენ და თვითმფრინავით პოლონეთში გადამიყვანეს. ამ ყველაფრის უკან უკრაინელი კორუმპირებული პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დგას. თუ ევროკავშირი და, კერძოდ, ანგელა მერკელი, არაფერს მოიმოქმედებს, უკრაინა მარცხისკენ წავა “ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის უკრაინაში კანონიერი გზით დაბრუნდება და “ომს მოიგებს”.

12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილი დააბრუნეს პოლონეთში, სადაც უკრაინაში დაბრუნებამდე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, პოლონეთის მხარემ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანაზე იმიტომ, რომ მისი მეუღლე ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეა.

მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ თქვა უარი, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 12 თებერვალს დააკავეს. მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან