ახალი ამბები

ისტორიულ სახლს ინგოროყვას ქუჩაზე პირვანდელი სახე ამ დრომდე არ დაბრუნებია

13 თებერვალი, 2018 • 2909
ისტორიულ სახლს ინგოროყვას ქუჩაზე პირვანდელი სახე ამ დრომდე არ დაბრუნებია

მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს პირვანდელი იერსახე არ დაბრუნებია, მაშინ, როცა ამის პირობა თბილისის მერიამ 2 წლის წინ დადო.

2015 წლის სექტემბერში სახლის ნაწილი ჩამოინგრა, მალევე “ფეისბუქით” გავრცელდა ფოტოები, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი შელესილი იყო. საზოგადოებრივი უკამყოფილების საპასუხოდ მერიამ იმავე წელს განაცხადა, რომ ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი და სახლის წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და “სამუშაოების მომავალი ეტაპის დასრულების შემდეგ საცხოვრებელ სახლს პირველადი სახე დაუბრუნდება”.

მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი გალესვის შემდეგ

მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი გალესავმდე

მერიის ამ განცხადებიდან ორ წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა სახლის ფასადს პირვანდელი იერსახე არ დაბრუნებია:

“აღნიშნული სახლის გამაგრების პროცესი არ არის დასრულებული, როდესაც მაგ სახლის ნაწილის გამგრება მოხდა, მაშინ ფასადიდან ჩამოვარდა დეკორაციული ორნამენტი, ლომის თავი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას და ფეხით მოსიარულე ადამიანებს და ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდა სახლის გამაგრების და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოიხსნა სხვა დანარჩენი დეკორაციული ორნამენტები, რომელიც გამგეობას დასაწყობებული და შენახული აქვს”,  – აცხადებენ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მათივე განცხადებით, სახლის გამაგრების პროცედურების დასრულების შემდეგ გარე ფასადი აღდგება. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, რატომ არ აღდგა შენობის პირვანდელი სახე 2 წლის მანძილზე, გამგეობაში ასე უპასუხეს.

“ვინაიდან არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი და ვინაიდან  სჭირდება თვითონ მოსახლეობის თანხმობა. გარდა ამისა, შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებზე გამგეობას მოეხსნას კომპეტენცია, ეს ყველაფერი ზუსტდება და შეიძლება გამგეობა საერთოდ აღარ შეეხოს ასეთ სახლებს. არსებობს პროექტი, მასალა, მაინც რაღაცები დასაზუსტებელია ამ კუთხით, ამიტომ გამგეობამ ვერ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. გარდა ამისა, საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და დიდი ხნის პროცესი იყო პროექტის შედგენა”,- აცხადებენ გამგეობაში.

გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ, როდის დასრულდება სარესტავრაციო სამუშაოები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი