ახალი ამბები

“Bitfury” ჯგუფმა გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა

13 თებერვალი, 2018 • 5758
“Bitfury” ჯგუფმა გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა

კომპანია “Bitfury” ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრის აქტივები გაყიდა. მყიდველი ჩინური კომპანია “Chong Sing Holdings”-ია, რომელიც ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში, ეფრემ ურუმაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, “Bitfury” ჯგუფმა გადაწყვიტა, ინვესტიციები გლდანის დატა ცენტრიდან ტექნოლოგიური განვითარებისკენ მიმართოს.

“ვადასტურებ, რომ ნამდვილად გაიყიდა. [მყიდველი] ჩინური კომპანიაა, რომელიც რეგისტრირებულია ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე და ღირს რამდენიმე მილიარდი დოლარი, 3 ან 4 მილიარდი. ჩვენი კომპანია ვითარდება რამდენიმე მიმართულებით. მათ შორისაა Software(პროგრამური უზრუნველყოფა), Hardware(აღჭურვილობა), ძალიან აქტიურად ვართ წარმოდგენილი აზიის ბაზარზე… გავხსენით ახალი ოფისი ტოკიოშიც. მოკლედ, ვავითარდებთ ტექნოლოგიურ პროცესებს და ინოვაციებს. კომპანია ვითარდება ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე ჩათვალა საჭიროდ, რომ ინვესტიციები, რაც გამოიყო გლდანის დატა ცენტრის განვითარებიდან, მიმართოს ტექნოლოგიური განვითარებისკენ”, – აღნიშნა ურუმაშვილმა.

ურუმაშვილის თქმით, კომპანია საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ფლობს, შესაბამისად, ქართულ ბაზარს სრულად არ ტოვებს.

“Bitfury” ბიტკოინის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, რომელიც მთავრობებს, ბიზნეს-ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს როგორც აღჭურვილობით, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. ამ დრომდე კომპანია საქართველოში ორ მონაცემთა ცენტრს ფლობდა: 2014 წელს დატა ცენტრი გორში აშენდა, რისთვისაც “Bitfury”-მა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდიდგან 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო. 2015 წელს კიგლდანში მდებარე ცენტრის ასაშენებლად მან ეკონომიკის სამინისტროსგან 1 ლარად შეიძინა 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროისთვის 1 850 000 ლარი იყო.  ხარჯებთან დაკავშირებით კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში BM.ge-ს განცხადება მიაწოდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მის მიერ საქართველოში ინვესტირებული თანხის რაოდენობა 140 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 180 ადამიანს შეადგენს.

მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია კომპანიისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ, რაც თანაინვესტირების ფონდმა ოფიციალური განცხადებით უარყო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არც ივანიშვილი და არც მასთან დაკავშირებული კომპანიები “Bitfury”-ში წილებს არ ფლობენ და 2014 წელს მონაცემთა ცენტრის მოსაწყობად აღებული სესხი მან სრულად დაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი