ახალი ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია და ლაჩარი, ეშინია ჩემი

12 თებერვალი, 2018 • 4320
სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია და ლაჩარი, ეშინია ჩემი

საქართველოს ექსპრზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი “ქვეშაფსია და ლაჩარია”. სწორედ ასე ხსნის სააკაშვილი იმ ფაქტს, რომ ის უკრაინიდან არა საქართველოში, არამედ პოლონეთში გაგზავნეს.

“კურიერის” შეკითხვას, რას უკავშირებს საქართველოს ნაცვლად პოლონეთში დეპორტაციას, სააკაშვილმა ასე უპასუხა:

“იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა. მე არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე?! რა უნდა ამ კაცს?! ეშინია ჩემი, თორემ, რამის თავი რომ ჰქონდეს, მოელაპარაკებოდა საქართველოში ჩემს გადმოცეემაზე. არაფრის თავი არ აქვთ. არიან მხდალები, მატყუარები და ფლიდები. მე გავაგრძელებ ბრძოლას მათ წინააღმდეგ და ოლიგარქების ხელისუფლებიდან მშვიდობიან ჩამოშორებაში მე ვითამაშებ გადამწყვეტ როლს. სიამოვნებით გადამცემდნენ საქართველოს, მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს. [პოროშენკოს და ივანიშვილს] ორივეს ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის”, – განაცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი კიევში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 12 თებერვალს, დააკავეს. მოგვიანებით უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გაგზავნეს.

უწყების ცნობით, სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც  უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი. მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქე გახდა. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი