ახალი ამბები

ბადაგონის მფლობელს დავით ბეჟუაშვილი სასამართლოში უჩივის

12 თებერვალი, 2018 • 2412
ბადაგონის მფლობელს დავით ბეჟუაშვილი სასამართლოში უჩივის

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი კომპანია ბაგადაგონის მფლობელ გიორგი სალაყაიას პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით სასამართლოში უჩივის.  ბიზნესმენის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მისი განცხადებით, გიორგი სალაყაიას ორშაბათამდე ჰქონდა დრო იმისთვის, რომ უკან წაეღო ბრალდება ბადაგონის საქმეში დავით ბეჟუაშვილის მონაწილეობის თაობაზე. ბადაგონის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ  “ბადაგონის” საქმით ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი და ვიცეპრემიერი  და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არიან დაინტერესბული. ამ საქმესთან კავშირი ქუმსიშვილმაც უარყო.

“მან არათუ უარყო, არამედ მომდევნო პრესკონფერენციაზე გაიმეორა იგივე. სარჩელი მზად არის და დღეს ჩვენ შევიტანთ პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისთვის და მოვითხოვთ მის მიერ პრესაში და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას,” – აცხადებს ზვიად კორძაძე.

დავით ბეჟუაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტარია. იგი 1999- წლიდან 2016 წლამდე პერიოდში იყო საკანონმდებლო ორგანოს წევრი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბადაგონთან დაკავშირებით გამოძიება დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებას საფუძვლად დაედო “ბადაგონის” ყოფილი მეწილის, კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” წარმომადგენლის განცხადება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი