ახალი ამბები

შსს–ს ინფორმაციით, სქესობრივ დანაშაულზე შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს

9 სექტემბერი, 2013 • 1036
შსს–ს ინფორმაციით, სქესობრივ დანაშაულზე შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს მთავრობაში წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების არსებითად გადასინჯვას.

მოქმედი კოდექსი აღნიშნული დანაშაულებისთვის ითვალისწინებს ზედმეტად ლიბერალურ მიდგომას და განსაზღვრავს არაადეკვატურ სასჯელებს. კანონპროექტი მთლიანად იზიარებს ასევე „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის სულისკვეთებას და, აღნიშნულის შესაბამისად, ამკაცრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის ისეთ მუხლებში, როგორიც არის გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან და გარყვნილი ქმედება.

მაგალითად, მოქმედი კოდექსის მიხედვით, გაუპატიურებისთვის დადგენილი სასჯელის ოდენობა შეადგენს 4-დან 6 წელს, ხოლო შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით იქნება – 6-დან 8 წელი. გაუპატიურების ნაწილში ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის – გაუპატიურება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ან რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის მასქიმალური ვადა, ნაცვლად 15 წლისა, იქნება 20 წელი. 16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის დადგენილი იქნება თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7- წლამდე, ნაცვლად 1-დან 3 წლამდე. ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირთან გარყვნილი ქმედების ჩადენა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 –  7  წლამდე, ნაცვლად 2 წლისა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი