ახალი ამბები

ქუთაისში მიკროავტობუსის და ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

9 სექტემბერი, 2013 • • 2481
ქუთაისში მიკროავტობუსის და ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

გაფიცულებმა სატრანსპორტო საშუალებები მერიის წინ განათავსეს. როგორც მძღოლები განმარტავენ, მათი უკმაყოფილება ახალი ხაზების გახსნამ გამოიწვია:

 

“არაფერი გვკითხეს, ისე გახსნეს ახალი ხაზი. რას ვშვრებით, როგორ ვართ, როგორ ვმუშაობთ, არავინ გვკითხა. ახალი ხაზების დამატებით ჩვენზე ზეწოლა ხდება. თუ ახალი ხაზის მოთხოვნაა, თაბუკაშვილის ქუჩაზე ბევრი ხაზია ისედაც და შეიძლებოდა გადანაწილებულიყო და მარშრუტი დაგვეგრძელებინა. ჩვენ თვეში 12-12 დღე ვმუშაობთ. ცდილობენ ავტობუსის მძღოლები შეგვავიწროვონ,” – ამბობს ამირან ლილუაშვილი.

 

გაფიციულები დამატებული საქალაქო ხაზის გაუქმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, სხვა საქალაქო ხაზებზე მომუშავე მძღოლებიც გაიფიცებიან:

 

ქუთაისში #5 და #20 ხაზზე მომუშავე ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ
ქუთაისში #5 და #20 ხაზზე მომუშავე ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

“ხვალიდან მთელი პარკი გაიფიცება. არავის არაფრის თქმა არ უნდა, ისე დაგვიდგებიან გვერდში, იმიტომ, რომ ანალოგიურად ახალ ხაზებს სხვაგანაც დაამატებენ”, – აცხადებენ მძღოლები.

 

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნესტორ კეპულაძე აცხადებს, რომ ახალი ხაზები დამატებული არ არის და ექსპერიმენტის სახით ჰყავთ:

 

“დამატება ნიშნავს იმას, როცა ოფიციალურად კონკურსს გამოვაცხადებთ და ტენდერში მიიღებს მონაწილეობას რომელიმე კომპანია, მოიგებს და უკვე ნებართვას მვიცემთ. რაც შეეხება ექსპერიმენტულ ხაზს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი შპს იყო შემოსული და ახალი ხაზი შემოგვთავაზა. საქმე იმაშია, რომ წლებია ვაკისუბნის მოსაზლეობა ითხოვს ისეთ ტრანსპორტს, რომელიც უბანს უნივერსიტეტთან დააკავშირებს, რადგან სტუდენტებს ორი ტრანსპორტით მგზავრობა უწევთ. ეს არის იმის საფუძველი, თუ რატომ დავთანხმდით ახალ ხაზებს.”

 

რაც შეეხება მძღოლების ინიციატივას, რომ არსებულ საქალაქო ხაზებზე მომუშავეთა მარშრუტები გაგრძელდეს, კეპულაძე აცხადებს, რომ ამაზე სატრანსპორტო ფირმების ხელმძღვანელებმა უარი თქვეს:

 

“მე ველეპარაკე ორივე კომპანიის წარმომადგენლებს და მათ ვუთხარით, #5 მარშრუტზე ერთი ერთეულის დამატების შემთხვევაში თუკი გააგრძელებდა მარშრუტს და ავიდოდა უნივერსიტეტში, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. მე ასევე ველაპარაკე #20 საქლაქო ხაზზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელს და შევთავაზე, რომ ორ სატრანსპორტო საშუალებას დავუმატებდით, თუკი წერილობით მოგვმართავდნენ და ექსპერიმენტის სახით ახალი ხაზის გაშვება აღარ დაგვჭრიდებოდა. ამაზეც უარი მივიღეთ.”

 

კეპულაძე აცხადებს, რომ მისთვის მძღოლების გაფიცვაზე უფრო მიზანშეწონილი და ყურადსაღები მოსახლეობის მოთხოვნებია:

 

“მე შევთავაზე გაფიცულ მძღოლებს და იქ, რაღაც მუშტი-კრივს, რომელიც ტრადიციულად სენი იყო ამ ქალაქში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებით, თავი დაანებონ გაფიცვას. ცივილური ფორმით დაწერონ განცხადება, გინდაც საჩივარი და ნებისმიერ ინსტანციას მიმართონ, იქნება ეს სასამართლო, პროკურატურა თუ სხვა სტრუქტურა, თუნდაც მიმართონ ექსპერტიზის ბიუროს და თუ ექსპერტების მიერ დადგინდება, რომ ახალი ექსპერიმენტალური ხაზი გამოიწვევს მათი ხაზების არარენტაბელობას და, ფაქტობრივად, მათ იქ მუშაობას აზრი აღარ ექნება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალი ხაზი გავაუქმოთ და სხვა ვარიანტი შევიმუშაოთ.”

 

მისივე განმარტებით, თუ მძღოლები გაფიცვას არ შეწყვეტენ, სავარაუდოდ, სანებართვო პირობების გაუქმებამდე მივა საქმე:

 

“თუ მაინცდამაინც გაფიცვა უნდათ და დადგომა უნდათ, მაგათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს საკმაო ბერკეტები. სავარაუდოდ, თუკი გაიფიცებიან და მზიეზი მარტო ის იქნება, რომ იქ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ერთთვიანი საცდელი ვადით, ახალი ხაზებია დაშვებული, ჩვენ სავარაუდოდ შევეცდებით, რომ ყველა ბერკეტი ავამუშაოთ და ალბათ სანებართვო პირობების გაუქმებამდე მივა საქმე.”

 

 “კეთილი ინებონ და თავიანთი ტრანსპორტი “თეგეტა მოტორსის” ავტოსადგომზე გადაიყვანონ და იქ გააგრძელონ გაფიცვა,”-ამბობს კეპულაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი