ახალი ამბები

“რაკიინ დეველოპმენტის” ყოფილ დირექტორს 52 მილიონზე მეტი ლარის მითვისებაში ედავებიან

9 სექტემბერი, 2013 • 2760
“რაკიინ დეველოპმენტის” ყოფილ დირექტორს 52 მილიონზე მეტი ლარის მითვისებაში ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტებზე, შპს „რაკიინ დეველოპმენტის” და შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას’’ ყოფილი დირექტორი გელა მიქაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიების ინფორმაციით, გელა მიქაძემ, „რაკიინ დეველოპმენტის” დამფუძნებელი არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი’’-ზე, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადააფორმა  „რაკიინ დეველოპმენტის” 16 940 000 ლარის ღირებულების 8.47%-იანი წილი.

 

,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი’’-ზე გელა მიქაძემ ასევე სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადააფორმა 30 000 000 ლარის ღირებულების შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია’’-ს 15%-იანი წილი და 3 300 000 აშშ დოლარის ღირებულების შპს „რაკია საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” 15%-იანი წილი.

2008 წლის 18 ივნისს შპს „რაკიინ დეველოპმენტს“ მართვის უფლებით გადაეცა შპს „მთაწმინდის პარკი“, რის შემდეგაც „რაკიინ დეველოპმენტმა“ თბილისის მთაწმინდის პარკში განახორციელა დიდი ოდენობით ინვესტიცია. “მთაწმინდის პარკი” 2012 წლის 3 მაისს მართვის უფლებით გადაეცა შპს „თბილისის პარკს“, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ შპს-ს 12 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გელა მიქაძის მითითებით,  შპს ,,თბილისის პარკის” მიერ გადარიცხული 6 000 000 დოლარიდან 5 700 000 დოლარი გადაირიცხა მიქაძის გამგებლობაში არსებული „ბესფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი“-სა და შპს ,,ლაბეი დეველოპმენტი’’-ს  საბანკო ანგარიშებზე,  იმის ნაცვლად, რომ ზემოთ ხსენებული თანხა გადარიცხულიყო  შპს ,,რაკინ დეველოპმენტ’’-ში. აღნიშნული ქმედებებით, მიქაძემ  არაბული საინვესტიციო კომპანია რაკიინის 52 385 000 ლარის ღირებულების წილები და ფულადი თანხა 5 700 000 აშშ დოლარი მიითვისა.

 

ეს კომპანიები საქართველოში ფლობენ შემდეგ აქტივებს: სავაჭრო ცენტრი „თბილისის მოლი,“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი,“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვ.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7- დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი