ტაქსის მძღოლებს თბილისის მერიაში რეგისტრაციისთვის თანხის გადახდა მოუწევთ

ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გასავლელად და შესაბამისი ნებართვის ასაღებად გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი რეგისტრაციას არ გაივლის, მას ჯარიმა დაეკისრება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს.

თბილისის მერია ტაქსის მძღოლების რეგისტრაციის დაწყებას 2018 წლის ზაფხული-შემოდგომიდან გეგმავს, ამის შესახებ 24 დეკემბრის დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. თუმცა მაშინ, სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გასავლელად თანხის გადახდა არ მოუწევდათ.

როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში განმარტავენ, თანხა სიმბოლური იქნება, თუმცა კონკრეტული ოდენობა იმის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს.

“უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ დაიწყოს ტაქსების სფეროს რეგულირება, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რომელიც პარლამენტის დონეზე უნდა გაკეთდეს. სავარუდოდ, ეს ცვლილებები შევა საგაზაფხულო სესიებზე, რადგან ტაქსების რეგისტრაციის საკითხი ზაფხული-შემოდგომისთვის უკვე უნდა დაიწყოს. ამის ადმინისტირებას სათავეში ჩაუდგება პატრული. რაც შეეხება ჯარიმას, ეს საკითხიც საკანონმდებლო დონეზე დადგინდება” – აცხადებენ ქალაქის მერიაში.

მერიისვე განმარტებით, ჯერ კიდევ განუსაზღვრელია რიგი საკითხები, მათ შორის ის, თუ რამდენჯერ მოუწევთ რეგისტრაციის გავლა მძღოლებს და დაწესდება თუ არა კონკრეტული მოთხოვნები მათთვის. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში ამბობენ,  ტაქსების რეგისტრაციის მიზანი არა მძღოლებისგან თანხების შეგროვება, არამედ ტრანსპორტის ამ სფეროს სინქრონიზაციაა სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან.

მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სარეგისტრაციო მოთხოვნები მკაცრი არ იქნება, შემდგომ კი უფრო დეტალურად დამუშავდება, თუმცა “მოწესრიგებულ” მძღოლებს პრობლემები არ შეექმნებათ, ნებართვის მისაღებად კი მარტივი განაცხადის შევსება იქნება საჭირო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან