ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ადგილობრივ დონეებზე არის გარკვეული ნერვიული ფონი

9 სექტემბერი, 2013 • • 1260
თეა წულუკიანი: ადგილობრივ დონეებზე არის გარკვეული ნერვიული ფონი

 

როგორც წულუკიანმა დღეს, 9 სექტემბერს გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონებში საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით დაძაბული ფონი ნამდვილად შეინიშნება.

“მე, როგორც უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარე, მინდა მივესალმო პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც 2 საქმეზე დაიწყო ძიება, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, ქალბატონი გელაშვილის  ცემის ფაქტზე სოფელ საყუნეთში. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის ადგილობრივ დონეებზე. არ შეიძლება ერთი ამომრჩეველი ურტყამდეს მეორეს იმიტომ, რომ ეს მეორე სხვას უჭერს მხარს. ეს არის ელემენტარული ცივილიზებულობის პრინციპი, რომლის დაცვაც ყველას გვევალება. არ შეიძლება ერთი ქართველი მეორეს ურტყამდეს, სხვა კანდიდატს რატომ უჭერ მხარსო. ამ ცემის ფაქტზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, კიდევ მეორე ფაქტიც არის. უნდა ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო, რადგან წინა ხელისუფლება ყოველთვის ხელს აფარებდა ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც სცემდა ოპონენტს და განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანს. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს პროგრესი და მკაფიო გზავნილებს ვაგზავნით თბილისიდან ადგილობრივ დონეებზე, თუმცა ადგილობრივ დონეებზე, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ნერვიული ფონი. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მინდა მოვუწოდო ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ შეინარჩუნონ მაქსიმალური სიმშვიდე, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგნლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, და მისცენ საშუალება კანდიდატებს, რომ პოლიტიკური შეჯიბრი გაიმართოს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში. ნერვიულობა, ემოციები და ნერვოზული ფონი არ წაადგება ჩვენი ქვეყნის მშენებლობის საქმეს”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, უწყებათაშორისი კომისიის წევრები აპირებენ, რომ ჩავიდნენ ბოლნისში და ადგილზე შეისწვალონ თვითთმმართველობის უწყებებში განვითარებული მოვლენები:

 

“კომისიას გადაწყვიტა, რომ რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც შედის კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პროკურატურა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ კვირაში ვესტუმრებით ბოლნისს, რომ ადგილზე ვნახოთ რა პროცესები მიმდინარეობს იქ.

 

ამასობაში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, რომ [ამ პერიოდში] თავი შეიკავონ საკადრო გადაადგილებებისგან. შეაჩერონ იმპიჩმენტის პროცედურები, როგორც კომისიამ რეკომენდაცია გასცა წინა კვირაში. 2 თვის მანძილზე ჩვენ კანდიდატებს სჭირდებათ მშვიდი გარემო, რათა მოსახლეობამდე მიიტანონ ის გზავნილები, რაც მათ აქვთ”, – აღნიშნა მან.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას რეგიონეში თვითმმართველობებზე და გამგეობებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება საქართველოს რეგიონებში თვითმმართველობებსა და გამგეობებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტების შესახებ. ხელისუფლების (განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების) განსაკუთრებულ აგრესიას ადგილი აქვს იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. 

ამ ერთი წლის განმავლობაში თანამდებობები მხოლოდ იმ გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნეს, რომლებმაც თავის პარტიულ კუთვნილებაზე უარი თქვეს და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ რომელიმე პარტიაში გადაინაცვლეს ან უპარტიოები გახდნენ.
თუმცაღა აღმოჩნდნენ „ურჩებიც“, რომლებმაც ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად მაინც არ თქვეს უარი ენმ-ს წევრობაზე. ასეთების მიმართ ხელისუფლება უფრო მკაცრ მეთოდებზე გადავიდა. ამის მაგალითია სრულიად აბსურდული მიზეზებით ადიგენის გამგებლის, მარტვილის გამგებლის მოადგილის, ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების არარსებობის გამო, ეს პიროვნებები არსებით განხილვამდე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულნი არიან, მაგრამ შედეგი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ისახავს მიზნად, მიღწეულია – ისინი თანამდებობებს აღარ იკავებენ.

ბოლო განცხადება ენმ-ს მხრიდან ამ თემაზე ა.წ. 5 სექტემბერს გაკეთდა, სადაც ის რაიონები იყო ჩამოთვლილი, სადაც ბოლო პერიოდში ზეწოლამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო: მარტვილი, ვანი, ონი.

როგორც ჩანს, დადგა ონის ჯერი. ბოლო ერთი თვეა ონის გამგებელზე, კობა გამყრელიძეზე და მის მოადგილეებზე, თეიმურაზ გრძელიშვილსა და მიხეილ ბიძიშვილზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა ისინი გადადგნენ თანამდებობიდან. ამის შედეგად თეიმურაზ გრძელიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა თანამდებობა და მის ადგილას დაინიშნა ნუგზარ ბიჭაშვილი, ონის პოლიციის ყოფილი უფროსი. ნუგზარ ბიჭაშვილი რამდენიმე წლის წინ გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან სამსახურეობრივი გადაცდომის გამო (საქმე შეეხებოდა მკვლელობისათვის დაპატიმრებული მისი ნათესავისადმი ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას).

რაც შეეხება მოქმედ გამგებელს, კობა გამყრელიძეს, მის მიმართ თავდაპირველად დამოკიდებულება განსხვავებული იყო, მას სთავაზობდნენ სამსახურს – ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეობას. უარის შემდეგ საქმეში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ, შედგა არაერთი შეხვედრა – ემუქრებიან მისი და მისი ოჯახის წევრებისათვის პრობლემების შექმნით. 

მთელი ამ პროცესის ორგანიზატორები არიან და უშუალოდ ხელმძღვანელობენ პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიშვილი.

9 სექტემბერს, 12 საათზე დანიშნულია ონის საკრებულოს სხდომა, სადაც, ჩვენი იფორმაციით, კობა გამყრელიძე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს”, – ნათქვამია ნაცმოძრაობის განცხადებაში.

 

თეა წულუკიანმა ონის გამგებლის საკითხზე კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი