ახალი ამბები

ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოება სავალდებულო გახდება – სერგეენკო

12 თებერვალი, 2018 • 2126
ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოება სავალდებულო გახდება – სერგეენკო

პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოება სავალდებულო გახდება – განაცხადა ჯანდავის მინისტრმა დავით სერგეენკომ 12 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

“იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია, პილოტირებას გადის ოთხ კლინიკაში. სრულად გადართვა და სავალდებულო ეს მოხდება წლის ბოლოს თბილისისთვის და შემდეგი წლიდან – მთელი საქართველოსთვის,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პაციენტის სამედიცინო ისტორია, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან, ექიმთან პირველი ვიზიტებიდან, ვაქცინაციებიდან და რომელშიც შედის მონაცემები ალერგიის, ასევე, ამა თუ იმ დაავადებისკენ მიდრეკილების შესახებ, დღესდღეობით ინახება ქაღალდმატარებლებზე და უმეტეს შემთხვევაში გაფანტულია.

“ასევე, პაციენტს ის თან არ დააქვს, როდესაც სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს ექიმთან, მას თვითონვე შეიძლება დაავიწყდეს, ან იყოს უგონო მდგომარეობაში და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, მაგალითად, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის – ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი