ახალი ამბები

უერთდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები პრაიმერისზე სააკაშვილის ინიციატივას

12 თებერვალი, 2018 • 4949
უერთდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები პრაიმერისზე სააკაშვილის ინიციატივას

ოპოზიციური პარტიები პრაიმერიზთან და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის წინადადებას აფასებენ. “ნეტგაზეთთან” საუბრისას პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი ექსპრეზიდენტის იდეას არ ეთანხმება, თუმცა ნაწილი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გარკვეული ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას “ევროპული საქართველო” არ უერთდება. პარტიის სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ შეუძლებელია გაერთიანების წინადადება მოდიოდეს პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ადეკვატურად ვერ აღიქვამს.

“პარტიების მხრიდან ძალისხმევის პოვნა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ კარგია, თუმცა წარმოუდგენელია გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ინტერვიუმ დაადასტურა, რომ ის აღარ განეკუთვნება იმ პოლიტიკოსთა რიგებს, რომელთაც შეუძლიათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ადეკვატურად აღქმა. მისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თავისივე პოლიტიკური მოტივაციებია და არა ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. სააკაშვილი ვერასდროს იქნება გაერთიანების ქვაკუთხედი პირადი ახირებებისა და არაადეკვატურობის გამო”, – აცხადებს კიკნაველიძე.

“თავისუფალ დემოკრატებს” საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველაზე ოპტიმალურ კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიაჩნიათ, თუმცა მზად არიან, კონსულტაციები ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან გაიარონ. პარტიის გენერალური მდივნის, თამარ კეკენაძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ მოდის გაერთიანების წინადადება მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც ამჟამად უკრაინაში მოღვაწეობს.

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, ამიტომ გაუგებარია მისი განცხადებები საქართველოში მიმდინარე წინასაპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით.

“ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები”, რამდენიმე თვეა ვფიქრობთ, თუ ვინ იქნება ყველაზე ოპტიმალური საპრეზიდენტო კანდიდატი, ვისაც ექნება უნარი, გაფანტული და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მოაგროვოს. ამ მიმართულებით კონკრეტული სახელების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ ადრეა. ვაპირებთ, გავიაროთ კონსულტაციები ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ბატონი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება პრაიმერიზს თუ სხვა ფორმატს, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. კონსულტაციების შედეგად გადაწყდება ყველაზე ოპტიმალური ფორმა სასურველი კანდიდატის შესარჩევად”, – აღნიშნა მან.

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის იდეას “ლეიბორისტულ პარტიაშიც” განიხილავენ, თუმცა პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აღნიშნავს, რომ მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გაერთიანება მიუღებელია.

“ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს განხილვა ლიდერთა საბჭოში. ეს არ არის ნოვაცია და არ წარმოადგენს მის ექსკლუზივს. თუმცა ეს იდეა ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და გაერთიანება ხელოვნურად არ ხდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბევრი ოპოზიციურ პარტიად წოდებული კარგადაა ხელისუფლებასთან შეთამაშებული და უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა შეიძლება მოჰყვეს გაერთიანებას და რა შედეგს გამოიღებს ის”, – განუცხადა

ერთიანი კანდიდატის იდეა კარგია, თუმცა მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში – შეუძლებელი, ასე ფიქრობს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიანიშნებს, რომ ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აცდენილია:

“პირადად მე მგონია, რო ბატონი სააკაშვილი დაშორდა რეალობას იმდენად, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოში შესაძლებელი და რა – შეუძლებელი. ვისთან უნდა ჩაატაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” პრაიმერიზი? თვითმმართველობის არჩევნებზე რატომ ვერ მოხდა ეს? თავისთავად ცხადია, რომ სჯობს, ერთიანი კანდიდატი ჰყავდეს ოპოზიციას, მაგრამ ეს ხომ აბსოლუტუად არარეალისტურია? ამის მოთხოვნას მოჰყვა შედეგად ის, რომ საშინელი რამეები თქვეს ერთმანეთზე თუნდაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ”. ასე რომ, სააკაშვილის ეს გამოსვლა სერიოზულ განხილვას ვერ დაექვემდებარება”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

“ახალი საქართველო”, რომელიც პრაიმერიზისა და ერთიანი ოპოზიციიის ინიციატივა ჯერ კიდევ გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ წამოაყენა, აცხადებს, რომ იდეას ახლაც მიესალმება. თუმცა პოლიტიკური პლატფორმის მდივანი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ გაერთიანება არა ადამიანებისა და პარტიების, არამედ იდეების გარშემო უნდა მოხდეს”.

“ჩვენ ასე უაპელაციოდ, ცალსახად, გაერთიანებისა და საერთო კანდიდატის იდეას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენთვის მთავარია სამართლიანი და სწორი მექანიზმის – პრაიმერიზის სისტემის გამოყენება ამ პროცესში. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ უნდა ჩაატაროს და საერთოდ, როცა საუბარია პრაიმერზე, უპირატესობა არცერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს.  შესაძლოა, პარტიებს ჰქონდეთ განსხვავებული რესურსები, თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა თანასწორია. უნდა დავასრულოთ ქვეყანაში კონკრეტული პიროვნების და კონკრეტული პარტიის გარშემო გაერთიანებები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იდეისა და პრინციპების გარშემო. ეს იდეა არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა”.


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განსხვავებულ “აქცენტებში” საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთიანი პოლიტიკური ფრონტი უნდა შეიქმნას და საპრეზიდენტო არჩევნებში პრაიმერიზით უნდა შეირჩეს ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააკეთოს პრაიმერიზი ყველასთან ერთად, უნდა შეთანხმდნენ პრაიმერიზის წესზე. ვთქვათ, სახელდება ხუთი კანდიდატი ნებისმიერი სხვადასხვა პარტიიდან. ავირჩიოთ ნებისმიერი სოციოლოგიური სამსახური, რომელსაც ვენდობით, ჩავატაროთ სამთვიანი კამპანია, მათ შორის “რუსთავი 2″–ზე დებატები, მათ შორის ხალხთან შეხვედრის დროს დებატები. სამი თვის თავზე ვისაც ექნება ყველაზე მაღალი რეიტინგი, ყველა დანარჩენი ვუჭერთ მხარს. არანაირი ცალკე კანდიდატი ეფექტური არ იქნება. როდესაც შენ გაქვს დიდი გამოწვევა, იქ არგაერთიანება არის დიდი დანაშაული. მე მესმის, რომ ყველას დიდი ამბიცია აქვს, სარკეში იყურება, პატიოსანი კამპანიის შედეგად ვისაც ექნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ის უნდა იყოს კანდიდატი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას ფართო ფრონტი ოპოზიციური ძალების იმ პარტიებთან, რომლებიც არ არიან ღიად რუსული ორიენტაციის მქონე პარტიები.

“მე მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია კატალოზატორის როლი ითამაშოს, მაგრამ მარტო ვერც ნაციონალური მოძრაობა ვერ შეძლებს ამას”, – მიაჩნია სააკაშვილს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რ2-თან განმარტა, რომ პრაიმერიზის იდეა არ გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი