ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: მამუკა ბახტაძე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად არ განიხილება

9 სექტემბერი, 2013 • • 3133
საქართველოს რკინიგზა: მამუკა ბახტაძე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად არ განიხილება

“საქართველოს რკნიგზის” პრესსამსახურში “თავისუფალი ზონის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებენ:”ეს არის ჭორი და ჭორზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ბახტაძის უტა ივანიშვილთან მეგობრობას, ეს მისი პირადი საქმეა. პირად ურთიერთობებს სამსახურში არ განვიხილავთ” –აცხადებს დაჩი ცაგურია.  

 

“თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება. ბახტაძე “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად 2013 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. ”თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, ბახტაძეს რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილთან საკუთარმა შვილმა, უტა ივანიშვილმა გაუწია.

 

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წელს თბილიში,  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ ლომონოსოვის  სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს- სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის შესახებ გამართულ კონსულტაციებში არ მონაწილებს და, შესაბამისად, არ იცის, განიხილება თუ არა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე. ამის შესახებ კომნეტარი ფინანსთა მინისტრმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა: 

 

“მე არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ კონსულტაციაში. რამდენადაც ვიცი, ასეთი კონსულტაციები არ ჩატარებულა, რომელზეც მომავალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა იყო განხილული. არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ფინანსთა მინისტრი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.”

 

4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი საინტერესო პირი იქნება და მას ამ პოსტიდან გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილი აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი