ახალი ამბები

საია: სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი გადაეყენებინა მაუწყებლის დირექტორი

9 სექტემბერი, 2013 • • 1166
საია: სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი გადაეყენებინა მაუწყებლის დირექტორი

“2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი, ნინო დანელია და ნატალია დვალი, რომელთაც სხდომაზე, ნოტარიულად გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდნენ საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გახელაძე და მოქმედი წევრი მამუკა ფაჩუაშვილი.

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობასა და ხმის მიცემას წარმომადგენლის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სამეურვეო საბჭო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას  და, შესაბამისად, გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ აქვს უფლება, განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს წევრს არცერთი ნორმატიული აქტით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებები წარმომადგენლის მეშვეობით.  აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მამუკა ფაჩუაშვილი მიღებულ გადაწყვეილებას ხელს აწერს ორჯერ – როგორც წარმომადგენელი და როგორც წევრი.

 

გარდა ამისა, სამეურვეო საბჭო არჩევითი კოლეგიური ორგანოა. საბჭოს მოქმედი წევრები თანამდებობებზე არჩეულნი არიან პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის მიერ, მათი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის გამო. აღნიშნული გულისხმობს, რომ საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან პირადად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები. ისევე როგორც, მაგალითად, დეპუტატი არ არის უფლებამოსილი საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მინდობილობით სხვას გადასცეს, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრიც ვალდებულია პირადად განახორციელოს დაკისრებული უფლებამოსილება. მინდობილობის საფუძველზე მოქმედება დამახასიათებელია კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების სამართლებრივ ურთიერთობებში.

 

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (საბჭოს თხუთმეტივე წევრის ნახევარზე მეტის ხმით)უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს. ვინაიდან ნინო დანელიასა და ნატალია დვალის შემთხვევაში არასწორად მოხდა ხმის მიცემა, სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი, შვიდი ხმით მიეღო გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილისათვის, უნდობლობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა. პირველად სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა ნახევარი წლის წინ, 2013 წლის 4 მარტს  კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოუცხადა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საბჭო პოლიტიკური მოტივებით მოქმედებდა. 2013 წლის 29 აპრილს სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო. ამ სასამართლო დავაში გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს საია წარმოადგენდა.

 

აქვე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, “მაუწყებელზე მომაგრებული უშიშროების თანამშრომლის, ირაკლი ციბაძის მხრიდან საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

 

ი.ციბაძემ მოსალოდნელი კენჭისყრის წინ თავს უფლება მისცა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისათვის მაღალი თანამდებობები შეეთავაზებინა, თითქოსდა თავისი ხელმძღვანელების სახელით, თავმჯდომარის პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ. ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ი. ციბაძის შეთავაზებები შეიცავდა მუქარის ნიშნებსაც,“ – წერია სამეურვეო საბჭოს განცხადებაში.

 

სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად მოითხოვს დროულ და ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. გამოძიებით უნდა დადგინდეს, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნულს და, დადასტურების შემთხვევაში, მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამასთან, თუ ზემოაღნშნული ქმედება (რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ განხორციელდა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ”, – ნათქვამია საია–ს მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

საია–ს განცხადებით, ყოველთვის და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, დაუშვებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს (ან სხვა რომელიმე ორგანოს) მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტ შესაბამისობაში და შექმნის ვარაუდს, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივები ედო საფუძვლად. ასევე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, მის საქმიანობაში ზემოაღნიშნული ფორმით ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი