ახალი ამბები

ხადური: ინვესტიციების შემოსვლას ხელი პოლიტიკურმა ფონმა შეუშალა

9 სექტემბერი, 2013 • • 938
ხადური: ინვესტიციების შემოსვლას ხელი პოლიტიკურმა ფონმა შეუშალა

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

“მინდა შეგახსენოთ ჩვენი პირველი კვარტალი, პოლიტიკურ სპექტრში როგორი იყო დამოკიდებულება. სულ გვემუქრებოდნენ, რომ თქვენ 4 წელი არავინ არ გაცდით, 19 აპრილს გაგყრითო. თავისთავად ეს ინვესტორებზე დადებითად არ აისახებოდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წელს, პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა იყო გაცილებით მეტი, ვიდრე გასული წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში. ინვესტიცების თვალსაზრისით არის სერიოზული მოლოდინები. საინვესტიციო ფონდში დაფუძნების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 6 მილიარდ დოლარამდე იქნება აკუმულირებული. უახლოესი სამი– ოთხი წლის განმავლობაში სერიოზულ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ. ნაციონალური მოძრაობის სურვილები არ გამართლდება” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.  

 

მინისტრის თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2013 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ეს არის 1,7 პროცენტი. მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, იქნება 4 პროცენტი. ხადურის განცხადებით, ივლისის თვეში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 0,6%-ს. მინისტრის თქმით, ივნისისა და მაისის მონაცემები დაზუსტდა, რომელიც თავდაპირველად უარყოფითი იყო და აღმოჩნდა, რომ მაისში ეკონომიკური ზრდა 0,2%-ს შეადგენდა, ხოლო ივნისში 0,6% უარყოფითი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 

 

“პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში მეტ-ნაკლები მოცულობით გასული წლის ივლისში დაიწყო. გასული წლის ივლისიდან მარტამდე ყოველი მომდევნო თვე იყო უფრო პრობლემატური, ვიდრე წინა თვე, თუმცა მარტიდან ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ სერიოზული ღონისძიებების განხორციელება ეკონომიკის სისიტემური გაჯანსაღების ხარჯზე, მარტიდან ყოველი თვე უკეთესია, ვიდრე წინა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლის 7 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა 31,3 მილიონი ლარით გადააჭარბა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მიმდინარე წლის 7 თვეში საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 3,785 მლნ ლარი. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მობილიზებული იყო 3,753 მლნ ლარი.   

 

მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლის 8 თვის მონაცემებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი: “იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 1,140 მილიონი შეადგინა, რაც 69 მილიონი დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირდა და ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 180 მილიონი დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, პოზიტიური ექსპორტის მაჩვენებელია რუსეთთან. კერძოდ, 2013 წლის 8 თვეში რუსეთთან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 36 მილიონი დოლარით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქისრებულ მაჩვენებელს, თუმცა ექსპორტი გაზრდილია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სომხეთში, თურქეთში, იტალიასა და ყაზახეთში.

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში არის ფისკალური პროფიციტი:” აღნიშნული მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოში 146 მილიონი ლარია, ხოლო ინფლაცია 0%-ს შეადგენს. შემოდგომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. ამჟამად სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 755 მილიონი ლარი ირიცხება, რაც 61 მილიონი ლარით მეტია 2013 წლის დასაწყისთან შედარებით.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი