კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი კიბერშეტევის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს

დღეს, 11 თებერვალს დაადასტურეს, რომ სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დროს კიბერშეტევა განხორციელდა, თუმცა არ ადასტურებენ გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ მის უკან რუსეთი დგას.

გარდიანის” ცნობით, ცერემონიის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ოლიმპიადის საიტი გაითიშა, მომხმარებლებს მასზე წვდომა არ ჰქონდათ, ვერ შეძლეს მიეღოთ მიმდინარე ინფორმაცია და ბილეთები ამოებეჭდათ. საიტმა მუშაობა 12 საათის შემდეგ განაახლა.

“ჩვენ საჯაროდ არ ვისაუბრებთ დეტალების შესახებ, რადგან ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჩვენი სისტემის დაცულობა და ამჟამად სხვა საკითხებზე საუბარი შედეგის მომტანი არ იქნება. მოგვიანებით ჩვენ გვექნება სრული სურათი და ვფიქრობთ, რომ გავასაჯაროებთ”, – თქვა სუნგ ბაიკ–იუმ, ოლიმპიური თამაშების სპიკერმა.

გავრცელდა ხმები, რომ თავდასხმის უკან დგას რუსეთი, განაწყენებული იმის გამო, რომ 200–მდე რუს ათლეტს არ მისცეს ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალება. ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენები სახელმწიფოს ხელშეწყობით დოპინგს იღებდნენ.

პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 2018 წლის 9 თებერვალს გაიხსნა. საქართველოდან 4 სპორტსმენი მონაწილეობს: ნინო წიკლაური, იოსებ აბრამაშვილი, მორის ყვითელაშვილი, გიორგი სოღოიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com