ახალი ამბები

სააკაშვილი: ყელში ამოვიდა გირგვლიანზე ლაპარაკი, ქვეყანა თავზე გემხობათ

11 თებერვალი, 2018 • 4245
სააკაშვილი: ყელში ამოვიდა გირგვლიანზე ლაპარაკი, ქვეყანა თავზე გემხობათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “განსხვავებულ აქცენტებში” საუბრისას განაცხადა, რომ რაღა დროს გირგვლიანის მკვლელობაზე საუბარია, როდესაც საქართველო იღუპება.

“გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს. თქვენ გყავთ ახლა მანიაკი, რომელმაც იმის შემდეგ მოკლა ასობით ადამიანი, რომელმაც გაანადგურა საქართველოს სპეცსამსახურები, ალპობს ციხეში საქართველოს გმირებს. გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა, აიძულა 700 000 ქართველი დაეტოვებინა საქართველო. გეყოთ თქვენც და ყველასაც. ყელში მაქვს ამოსული, ამოვიდა ყელში გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ პატეფონებივით გირგვლიანზე ლაპარაკს. რაღა დროს გირგვლიანზე ლაპარაკია, საქართველო დაგეღუპათ უკვე. ყველა მეცოდება, მაგრამ ყველაზე მეტად მეცოდება ჩვენი შვილი – ქართული სახელმწიფო. რომელიც არის ჩვენი დედაც ამავე დროს. სამი თვის ბავშვი მოკლეს და არავინ არ ვახსენებთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

“მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, მე, მიხეილ სააკაშვილმა. პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, მრავალი საუკუნის შემდეგ ამ მასშტაბით ალბათ დავით აღმაშენებლის შემდეგ პირველად, შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა. ამას მოჰყვა ბევრი ისეთი, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, ვიღაც მოკლეს, ვიღაც არასწორად დასაჯეს. კი, მერე, მერე?! დავით აღმაშენებელს აღმაშენებლობა უწოდეს რამდენიმე საუკუნის მერე, წაშალეს მეხსიერება, ზედმეტად მკაცრი იყოო. მე არც ვედრები, არც მასშტაბებით და არც სიმკაცრით, მით უმეტეს. არსებობს დიდი რაღაცა და ეს დიდი რაღაცა არ უნდა დაგვიბურდოს ამ წვრილმანმა ინტრიგებმა. მე არ ვამბობ, რომ ადამიანის სიკვდილი არის ინტრიგა, მაგრამ რაც ამას მოჰყვა მთელი პოლიტიკური მანიპულაცია, ეს უკვე ინტრიგაა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის მკვლელობას მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ამტკიცებდა, რომ შვილის მკვლელობაში მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული და მათ დასჯას მოითხოვდა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 5 იანვარს 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.

ამავე საქმეში ბრალი დაუმტკიცდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის მიესაჯა მსჯავრი.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი