გზავნილების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ფოსტის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ფოსტის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც მოქალაქეების გზავნილებს იპარავდა.

შსს–ს ცნობით, დაკავებულია საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ამანათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

2016 წელს საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი პროექტის “საიდუმლო სანტას” დროს დაიკარგა საჩუქრები, რომლებიც პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუგზავნეს. ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიებაც დაიწყო.

საქართველოს ფოსტამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ “დაფიქსირდა უსიამოვნო შემთხვევა – სამწუხაროდ, ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია.”

საქართველოს ფოსტა ერთერთი უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაციაა ქვეყანაში. მას საქართველოში 82 სერვისცენტრი აქვს და დასაქმებული ჰყავს 2700 ადამიანი. კომპანიის მფლობელი სახელმწიფოა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com