ახალი ამბები

საგამოძიებო: “ბადაგონის” საწარმოო პროცესის შეჩერება საგამოძიებო მოქმედებებს არ გამოუწვევია

10 თებერვალი, 2018 • 1930
საგამოძიებო: “ბადაგონის” საწარმოო პროცესის შეჩერება საგამოძიებო მოქმედებებს არ გამოუწვევია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია “ბადაგონის” საწარმოო პროცესი შეჩერება სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არ მომხდარა.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინება ითვალიწსინებდა შპს “ბადაგონიდან” 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, კომპანიის ინტერესები გაითვალისწინეს, მისი საქმიანობა რომ არ შეფერხებულიყო.

სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  ,,ბადაგონის“ სათავო ოფისიდან ამოღეს მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე). საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის ოფისიდან ასევე გამოთხოვა ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა:

“ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს ,,ბადაგონში“ არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება – ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე. რა დროსაც კომპანია ,,ბადაგონის“ წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია” – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ხსენებულ საგამოძიებო მოქმდებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა შპს ,,ბადაგონის“ საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას:

“ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხების და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა.
ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცრუ განცხადებები ხელს ვერ შეუშლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას” – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბადაგონთან დაკავშირებით გამოძიება დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებას საფუძვლად დაედო “ბადაგონის” ყოფილი მეწილის, კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” წარმომადგენლის განცხადება.

ამავე თემაზე: რას ედავება კომპანიას ყოფილი მფლობელი და მიითვისა თუ არა წილები “ბადაგონის” ამჟამინდელმა მფლობელმა?

მასალების გადაბეჭდვის წესი