ბირთვულ საწარმოში ბიტკოინების მოპოვების გამო რუსეთში მეცნიერები დააკავეს

რუსეთის უშისროების სამსახურმა რამდენიმე მეცნიერი დააკავა  ბირთვული იარაღის  საწარმოში ბიტკოინების მოსაპოვებლად მძლავრი კომპიუტერების გამოყენების ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრალდებულები კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად რუსეთის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერების გამოყენებას  ცდილობდნენ. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ფედერალურმა ბირთვულმა ცენტრმაც. ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობების პირადი მიზნებისთვის არასანქცირებულ გამოყენებას, მათ შორის ე.წ. “მაინინგისთვისაც”.

სუპერკომპიუტერები ინტერნეტთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რათა ჰაკერული თავდასხმა აეცილებინათ თავიდან და როცა მეცნიერებმა სცადეს კომპიუეტერების ინტერნეტთან დაკავშირება, ბირთვული ცენტრის უსაფრთხოების სამსახურმა შეტყობინება მიიღო.

შემთხვევა იმ საწარმოში მოხდა, სადაც საბჭოთა კავშირის პირველი ბირთვული ბომბი შეიქმნა. მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ საბჭოთა რუკებზე დატანილიც არაა. რუსეთის მოქალაქეებს ქალაქში შესასვლელად ამ დრომდე სპეციალური თანხმობა სჭირდებათ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.