ახალი ამბები

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია

10 თებერვალი, 2018 • 4260
კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ეს იქნება ლიდერების პირველი შეხვედრა 2007 წლის შემდეგ.

ხელით დაწერილი მოწვევა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინის დამ გადასცა, რომელიც სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.

როგორც სეულში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იუწყება, კიმ ჩენ ინმა სამხრეთკორეელ კოლეგას ვიზიტის “რაც შეიძლება ადრე” დანიშვნა სთხოვა.

ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება  კიმ ჩენ ინის შემდეგ რანგით მეორე პოლიტიკური თანამდებობის პირი, კიმ იონგ ნამიც. ცერემონიაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთი დროშით იყო წარმოდგენილი და საერთო გუნდით იღებს მონაწილეობას.

ასეთი მაღალი რანგის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში კორეის ომის შემდეგ (1950-იანი წლებ) არ ჩასულა.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების ქვეშაა. ექსპერტების აზრით, ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის მონაწილეობა ურთიერთობების მოულოდნელი დათბობაა.

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას წინ უძღოდა კიმ ჩენ ინის მიერ სამხრეთ კორეის ლიდერისთვის საახალწლო მილოცვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა დიალოგისთვის და შეუძლია გაგზავნოს გუნდი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.

მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით, დაძაბულობა კვლავ იგრძნობა. ჩრდილოეთ კორეამ   ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს ფართომასშტაბიანი სამხედრო მარშიც მოაწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი