ახალი ამბები

მოსამართლე გვირიტშვილის სექსისტური განცხადება ანა დოლიძის მიმართ

10 თებერვალი, 2018 • 3222
მოსამართლე გვირიტშვილის სექსისტური განცხადება ანა დოლიძის მიმართ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძესთან დაკავშირებით სექსისტურად ისაუბრა ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში.

“დამიჯერეთ, ჩვენთვის საკმაოდ არაკომფორტულია, განსაკუთრებით მამაკაცი წევრებისთვის, რომ ქალბატონების, აი, ასეთი ოპონირების რეჟიმში ვიყოთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ კანონის საფუძველზე”, – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარადგინა ამ პოსტზე. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში იუსტიციის საბჭოში გასაუბრება გაიარა მოსამართლის პოსტზე უვადოდ დანიშვნის მსურველმა 51-მა მოსამართლემ, საიდანაც, 14-მა ანა დოლიძე აიცილა.

აცილებას წინ უძღოდა ანა დოლიძის კრიტიკა სასამართლო სისტემის მიმართ. მან თქვა, რომ სასამართლო სისტემას ახლაც აკონტროლებენ “ადეიშვილის ნარჩენები” და “ადეიშვილის ხელის ბიჭები”. დოლიძის ამ შეფასების გამო გაღიზიანდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ 2012 წლამდე მუშაობდნენ და ახლაც აგრძელებენ მუშაობას. მათ მოსამართლის პოსტზე უვადოდ სურთ დანიშვნა და აცილების საფუძვლად სწორედ დოლიძის ეს განცხადება დაასახელეს.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა “იბერიის” ეთერში თქვა, რომ დოლიძის განცხადება “ადეიშვილის ნარჩენებთან” დაკავშირებით იყო შეურაცხმყოფელი და მოსამართლეებს სრული უფლება ჰქონდათ, გასაუბრებაზე არ ეპასუხათ ანა დოლიძის კითხვებისთვის.

ანა დოლიძემ მოსამართლეთა ქმედებას “აცილების სპექტაკლი” უწოდა.

რაც შეეხება დიმიტრი გვირიტშვილს, ის სასამართლო სისტემაში 2008 წლიდან მუშაობს. გვრიტიშვილი 2017 წლის 20 ოქტომბრიდან მოსამართლის პოსტზე უვადოდ დაინიშნა. ის ასევე იკავებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი