სამხედრო ვერტმფრენები ფილიპინებს – ტრიუდოს აკრიტიკებენ რეჟიმთან თანამშრომლობისთვის

კანადის საყოველთაოდ პოპულარული პრემიერ-მინისტრი, რომელიც დადებითი კუთხით არაერთხელ აღმოჩენილა მედიის ყურადღების ცენტრში, ამჯერად კრიტიკის ობიექტად იქცა. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, კანადის პრემიერმა ფილიპინებს 16 სამხედრო ვერტმფრენი მიჰყიდა, რომელთა ღირებულება $185 მილიონია.

ფილიპინების ლიდერს, როდრიგო დუტერტეს, წამყვანი უფლებადაცვითი ორგანიზაციები აკრიტიკებენ სასტიკი ანტინარკოტიკული პოლიტიკის გამო, რასაც ქვეყანაში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც Amnesty International წერს, დუტერტემ ხელისუფლებაში მოსვლისას პირობა დადო, რომ ქვეყანას კრიმინალისგან გაწმენდდა და ამის გაკეთება სასტიკი მეთოდებით გადაწყვიტა – სამართალდამცავები, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გარეშე, ადგილზე ხვრეტენ დანაშაულში ეჭვმიტანილებს. მოკლულთა რიცხვი კი ათასებს აღწევს. პოლიცია მოქალაქეებს ხშირად დემონსტრაციულადაც კი კლავს, რათა ეს შემთხვევა სხვებისთვის სამაგალითო იყოს. დუტერტეს მთავარი სამიზნე ნარკომომხმარებლები და ნარკობიზნესთან რაიმე ფორმით დაკავშირებული პირები არიან. თავისი სასტიკი მიდგომების შესახებ ფილიპინების პრეზიდენტს არაერთხელ უსაბრია საჯაროდ და ისიც კი აღიარა ერთ-ერთი ქალაქის მერად მუშაობისას, პირადად როგორ მოკლა სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, ფილიპინების პრეზიდენტი რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიციისა და უფლებადამცველთა მიმართ.

კანადის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფილიპინები გადაცემულ ვერტმფრენებს სამოქალაქო და სამაშველო მიზნებისთვის გამოიყენებს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს შემძენი. ფილიპინების მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვერტმფრენებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.