“სოცდეკები” პარლამენტში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს იბარებენ

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ–დემოკრატები“  პარლამენტში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს იწვევენ და ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნის თაობაზე განმარტებების მოსმენას ითხოვენ.

“ჩვენ ვიწვევთ ფრაქციაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, რათა მოვისმინოთ განმარტებები იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ამ ორ სამინისტროს შორის უნდა შემდგარიყო, რის გამოც გაჭიანურდა აღნიშნული პროცესი [ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნა]”, – წერია ფრაქციის გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 9 თებერვალს, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მუშა ადგილზე დაიღუპა. ამ ფაქტს მოჰყვა სოციალ–დემოკრატების მოთხოვნა, რომ პარლამენტში მივიდნენ სამინისტროების წარმომადგენლები.

„ქართული ოცნება-სოციალ–დემოკრატები“ მოითხოვენ მთავრობისა და უმრავლესობაში შემავალი ყველა საპარლამენტო ფრაქციისაგან, დღის წესრიგის მთავარ საკითხად დაუყოვნებლივ განისაზღვროს ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შემუშავება.

თუ პროცესის გაჭიანურების მიზეზი არის კერძო სექტორის მოთხოვნა, მიიღოს მოგების ხელშეუხებლობის გარანტია შრომის ინსპექციის არსებობის პირობებში, ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ამგვარი ტიპის ინტერესებს არ ეწირებოდეს ამ ქვეყანაში ადმიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, აცხადებს ფრაქცია.

“ამ გარემოების ცვლილების გარეშე, ხელშეკრულებებით გამყარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება და სოციალური სახელმწიფოს ჩანაწერი კონსტიტუციაში დარჩება ფარატინა ქაღალდად”, – წერია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციამ შეახსენა პარლამენტარებს, რომ 2012 წელს “ქართული ოცნების” გამარჯვების მთავარი საფუძველი ადამიანებისთვის სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაბრუნება იყო, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, დღემდე ვერ შეძლეს მშრომელებისთვის ღირსეული დასაქმების პირობების უზრუნველყოფა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com