ახალი ამბები

მხარდამჭერები: უკრაინის სპეცსამსახური სააკაშვილის დაკავებას აპირებს

9 თებერვალი, 2018 • 2405
მხარდამჭერები: უკრაინის სპეცსამსახური სააკაშვილის დაკავებას აპირებს

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის სპეცსამსახურის მიერ მისი დაკავების მცდელობაზე საუბრობენ. ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუკ გვერდზე სააკაშვილის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა.

ფოტო: სქრინი დავით საყვარელიძის ფეისბუკ გვერდიდან

როგორც საყვარელიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი კიევში, Fairmont Grand Hotel Kyiv-ში იმყოფება, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მის დასაკავებლად სპეცრაზმი გაუშვა. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინელი დეპუტატი იური დერევიანკი. მისი თქმით, სასტუმროსთან სამართალდამცავები მოვიდნენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

როგორც “Unian” წერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ურაყოფს ინფორმაციას, თითქოს უწყება მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გეგმავს.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხადა უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

მასალების გადაბეჭდვის წესი