ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე: მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრულად მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს სახელმწიფოს ცილს სწამებს. უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, ჟურნალისტის ქმედებები “მზაკვრული ნაბიჯია”, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლები სარგებლობენ.

“ეს არის ჩვეულებრივი ცილისწამება. ამ ქვეყანას მისგან ნამდვილად არ დაუმსახურებია ის, რომ ასე ლაფში ამოსვაროს მისი ღირსება და სახელი. მის განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მარტივად და მოხერხებულად იყენებენ ჩვენი ოპონენტები. ხომ ხედავთ, უკვე დაიწყეს პირდაპირი გაგებით ყეფა.

…არ მაინტერესებს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ასეთი. მე გეუბნებით პირდაპირ, რომ ის, რასაც მუხთარლი და მისი მეუღლე აკეთებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის პირდაპირი, მზაკვრული ნაბიჯი”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელიც ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, “ნეტგაზეთთან” მისი გატაცების დეტალების შესახებ ისაუბრა. მუხთარლი ეჭვობს, რომ მის გატაცებაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყვნენ ჩართულნი, რადგან “სხვა შემთხვევაში, ასეთი მაღალ დონეზე დაგეგმილი გატაცების ორგანიზება ვერ მოხდებოდა”.

მანამდე კვაჭანტირაძემ მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სადაც ეჭვი გამოთქვა, რომ ჟურნალისტი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

“აფგან მუხტარლის განცხადებები, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების და კერძოდ პრემიერ-მინისტრის დავალებით მოხდა მისი დაკავება და აზერბაიჯანისთვის გადაცემა, არის სრული აბსურდი და უკვე აბსოლუტურად საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ იგი კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და შეგნებულად ეწევა ბინძურ კამპანიას საქართველის პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების წინააღმდეგ”, – წერდა დეპუტატი.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში, სადაც მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხვალ, 10 თებერვალს, დილით დაბრუნდება. ამბობს, რომ პროგნოზებზე საუბარი უჭირს.  მუხთარლი პატიმრობიდან მხოლოდ 2 დღით გაათავისუფლეს და დაღუპული ნათესავების 40-ზე დასწრების ნება მისცეს.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილია, 2017 წლის მაისამდე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ის 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან