ახალი ამბები

ივანიშვილის ყოფილ ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

9 თებერვალი, 2018 • 4569
ივანიშვილის ყოფილ ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკირს შვეიცარიაში 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედებოდა თაღლითობა და ყოფილი კლიენტების ფულის მითვისება, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილიც.

bloomberg-ის ცნობით, ჟენევის სასამართლომ “კრედიტ სუისის” ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს დღეს, 9 თებერვალს პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ მან 152 მილიონი აშშ დოლარი გაუფლანგა ყოფილ კლიენტებს და თავი 30 მილიონი დოლარით გაიმდიდრა.

“შეცდომა, რომელსაც ის უშვებდა, სერიოზულია და რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი მოტივი საკუთარი თავისთვის სარგებლის მოტანა იყო”, – განაცხადა მოსამართლე ალექსანდრა ბანამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

ლესკადრონი უკვე 2 წელია, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

Bloomberg: ივანიშვილი მის ძარცვაში ბრალდებულ ბანკირს პრემიას უხდიდა

2009 წელს ივანიშვილის გადაწყვეტილება, 600 მილიონის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გაყიდვის სანაცვლოდ ჩვეულებრივი აქციები ეყიდა, შეუსრულებელი დარჩა. ლესკადრონი ივანიშვილს ყალბ ცნობებს უგზავნიდა. 

ივანიშვილი უნდა დასწრებოდა სხდომას, თუმცა მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მკურნალობის გამო ვერ მივიდა სასამართლო სხდომაზე.

პროკურატურამ ბანკს რეკომენდაციით მიმართა, რომ მოახდინოს ლესკადრონის ფასიანი ქაღალდების კონფისკაცია და დაუბრუნოს ფული მის ყველაზე ორ დიდ მსხვერპლს – ბიძინა ივანიშვილსა და ვიტალი მალკინს.

ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებაზე უარი განაცხადა.


“კრედიტ სუისის” ადვოკატების ცნობით, არაავტორიზებული ვაჭრობის შედეგად, ლესკადრონს 47 მილიონი დოლარი აქვს მითვისებული მდიდარი კლიენტების ანგარიშებიდან. აქედან ერთი მილიონი დოლარი მან ძვირფასეულობაში დააბანდა, რომელსაც ცოლისთვის, ირინა ლესკადრონისთვის ყიდულობდა. ძვირადღირებულ ნივთებს შორის “შანელის” ძვირფასეულობაცაა.

ლესკადრონი მდიდარ კლიენტებს ექსელის ამონაწერების გაყალბებით ატყუებდა. მან აღიარა, რომ გარიგებების შესახებ ინფორმაციას აყალბებდა. მისივე თქმით, გაყალბების შემდეგ ბანკის ყალბ ამონაწერებს მზარდი დანაკარგების შესანიღბად გზავნიდა. მეტწილად ფულს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ანგარიშებიდან იღებდა. ეს სქემა არ აღმოუჩენიათ მანამ, სანამ 2015 წლის სექტემბერში კალიფორნიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან მასშტაბური გარიგების შესახებ არ გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი