ახალი ამბები

#ავთოსთვის – კიდევ ერთი საქველმოქმედო კამპანია მოზარდის დასახმარებლად

9 თებერვალი, 2018 • 4944
#ავთოსთვის – კიდევ ერთი საქველმოქმედო კამპანია მოზარდის დასახმარებლად

ხვალ, 10 თებერვალს, კლუბ “კამორაში” კონცერტი გაიმართება. ღონისძიება  ერეკლე დეისაძის, ნინი ჯანჯღავასა და სხვა ქართველი არტისტების მონაწილეობით 17 წლის ავთო კიკნაველიძის დასახმარებლად იმართება. თუმცა კონცერტი დიდი საქველმოქმედო კამპანიის მხოლოდ ნაწილია.

დაახლოებით თვე-ნახევრის წინ თბილისში ავთო კიკნაველიძე თანაკლასელებთან ერთად მძიმე ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც ძვლის ტვინი დაუზიანდა და მოძრაობის უნარი დაკარგა. საქართველოს კლინიკებში მოზარდის გამოჯანმრთელების იმედს ოჯახს ვერავინ აძლევდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მათ გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან რეაბილიტაციის კურსზე თანხმობა განუცხადეს.

სოლიდური თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო კამპანია, თავდაპირველად, ავთოს კლასელებმა დაიწყეს, თუმცა მალე მასში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაება. ფოტოგამოფენებზე, კონცერტებსა თუ ბაზრობებზე თანხა იმდენად სწრაფად შეგროვდა, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის საფასური სრულად დაიფარა. მისი დახმარების მსურველებმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გახსნილ ღია ჯგუფში მოიყარეს თავი.

“მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ გერმანიაში უნდა წასულიყო ავთო და იქ ემკურნალა, რასაც დიდი თანხა სჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, წამოგვეწყო კამპანია #ავთოსთვის. ეს მოიცავს გამოფენებს, კონცერტებს და ა.შ. წინა კვირას ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც ჩვენმა მეგობრებმა და ნაცნობებმა შემოგვწირეს თავიანთი ნამუშევრები. მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი და დაახლოებით 20 000 ლარი შეგროვდა.

თავიდან დავიწყეთ მხოლოდ ჩვენი სკოლის ბავშვებმა, თუმცა, იმდენად გავრცელდა სოციალური ქსელით, რომ ძალიან ბევრი, სრულიად უცხო ადამიანი ჩაერთო აქციაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სხვა სკოლებს. ვერ ჩამოვთვლი, რამდენმა მათგანმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კამპანიის ერთ-ერთმა ინიციატორმა გიორგი სვიმონიშვილმა.

ავთო კიკნაველიძე კლინიკა “მედიქლაბის” რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მოზარდის დედის, ნათია გოგოჭურის თქმით, რეანიმაციულმა პერიოდმა წარმატებით ჩაიარა. პრობლემის კომპლექსურობის გამო, უცნობია გერმანიის კლინიკაში გასავლელი კურსის ხანგრძლივობა და, შესაბამისად, საჭირო თანხის ზუსტი ოდენობა.  მოზარდი საზღვარგარეთ 12 თებერვალს გაემგზავრება:

“იქ ძირითადად რეაბილიტაციისთვის მივდივართ. პირველი ორი კვირა გვესმოდა, რომ ავთო საერთოდ ვერ გადარჩებოდა. თუმცა უკვე ორი თვეა აქ ვართ და რეანიმაციული პერიოდი ნორმალურად გადაიტანა.

ინფექციები, ნაწოლები და სხვა გართულებები, რაც ბოლო პერიოდში განუვითარდა, შეიძლება ითქვას, რომ ალაგდა. ფსიქოლოგიურად არაჩვეულებრივი განწყობა აქვს, რაც გაიგო, რომ მიდის. ქართველი ექიმები, ფაქტობრივად, იმედს არ გვაძლევდნენ. ეტლში ჩაჯდომის შანსსაც ვერ ხედავდნენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გერმანიაში რაღაცას გვიშველიან და ფეხზეც დაგვაყენებენ”.

მომდევნო დღეებში კამპანიის ორგანიზატორები მასშტაბური აუქციონის გამართვასაც გეგმავენ, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდება. ღონისძიებისთვის საკუთარი ნამუშევრები უკვე არაერთმა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გაიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი