ახალი ამბები

(S)hero(es) – ფოტოწიგნი აგვისტოს ომზე ქალების ისტორიებით

9 თებერვალი, 2018 • 4464
(S)hero(es) – ფოტოწიგნი აგვისტოს ომზე ქალების ისტორიებით

(S)hero(es) მწერალ სალომე ბენიძისა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ახალი წიგნია, რომელსაც გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გამოსცემს. ფოტოწიგნი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს.

წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და მონაწილენი გახდნენ, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.

“ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არ არის მხოლოდ შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენა, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, არამედ ის შეიძლება იქცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიად. წიგნის გმირები გვიამბობენ, როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ – სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, კომპაქტურად გაშენებულ ახალ კოტეჯებსა და ყველასგან დავიწყებულ ძველ შენობებში, როგორია რეალობა მაშინ, როცა სიზმარში ყოველთვის მიტოვებულ სახლს და დაკარგულ ახლობლებს ხედავ.

ქალები ომს იშვიათად იწყებენ. ისინი არც ისე ხშირად გვევლინებიან ჯარისკაცებისა და მეომრების როლში. ამიტომ ისტორიულ ქრონიკებში მათი სახელები იშვიათად გვხვდება. სინამდვილეში კი, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან – არაერთი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, შევიწროების ობიექტი. და უფრო მეტიც, ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, რაც ხშირად დაუფასებელია, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა”, – ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ტექსტში.  

სათაურის თანახმად, “(S)hero(es)” სწორედ ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია. გამომცემლობაში აცხადებენ, რომ ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, იმედებისა და ტკივილების, კვდომისა და აღდგომის შესახებ.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” ფოტოწიგნს (S)hero(es)თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. წიგნის გამოცემის უფლება უკვე შეიძინა ერთ-ერთმა გერმანულმა გამომცემლობამ.

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატია, მათ შორის, დასახელებულია 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო ქალ ფოტოგრაფს შორის. დინა ოგანოვას ფოტოპროექტები: “მე – საქართველო”, “ჩემი სივრცე”, “გაყინული ტალღები” გამოფენილი იყო იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ეთიოპიაში, სინგაპურსა და საქართველოში. დინა ოგანოვას ეკუთვნის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნი “ჩემი სივრცე”, რომელიც სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახება. 2017 წელს დინა ოგანოვამ მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ფოტოპროექტისთვის “გოგონა დაიბადა”.

სალომე ბენიძე არის არაერთი პროზაული და პოეტური ნაწარმოების ავტორი და მთარგმნელი. მას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია “საბა” და “წინანდლის პრემია”. მისი მოთხრობები და ლექსები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოცემულ კრებულებსა და ალმანახებშია შესული. სალომე ბენიძის რომანი “ქალაქი წყალზე”, რომელიც 2015 წელს გამოიცა (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“), მალევე იქცა ეროვნულ ბესთსელერად და 2017 წელს “მოსწავლის რჩეული” წიგნიც გახდა. “ქალაქი წყალზე” გასულ წელს გერმანულად გამოსცა გამომცემლობამ “Aviva Verlag”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი