ახალი ამბები

პოროშენკოს საიდუმლო დასვენება მალდივებზე ნახევარ მილიონად – ჟურნალისტური გამოძიება

9 თებერვალი, 2018 • 1686
პოროშენკოს საიდუმლო დასვენება მალდივებზე ნახევარ მილიონად – ჟურნალისტური გამოძიება

რადიო “თავისუფლების” უკრაინული სამსახურის მიერ დაფინანსებული ჟურნალისტური გამოძიებით, უკრაინელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ 2018 წლის საშობაო შვებულება მალდივის კუნძულებზე გაატარა, სადაც $500 000 დახარჯა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პოროშენკომ თავისი ოჯახის წევრები, სულ 10 პირი, კერძო თვითმფრინავით წაიყვანა მალდივებზე, სადაც კერძო კუნძული იქირავა. პოროშენკომ მხოლოდ ერთ ღამეში $46 000 გადაიხადა.

გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, კურორტ Cheval Blanc Randheli-ში პოროშენკო და მისი თანმხლები ოჯახის წევრები გამოგონილი სახელებით ისვენებდნენ. ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ სტუმრების სიაში სტუმრად ეწერა პეტრო ინკოგნიტო (უკრაინა). ვარაუდობენ, რომ ის სწორედ პრეზიდენტი პოროშენკო იყო.

ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დამატებითი მომსახურებისთვის ნაღდი ფულის სახით გადაიხადა $37 550. უკრაინის კანონმდებლობით, პირს საზღვარზე ნაღდის ფულის სახით მხოლოდ $10 000-მდე გადატანის უფლება აქვს, ამაზე მეტი თანხა კი დეკლარაციას ექვემდებარება. თუმცა, ამავე გამოძიების მიხედვით, პრეზიდენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა უკრაინის საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გარეშე გაიარეს.

სანამ აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდებოდა, ჟურნალისტებმა, მტკიცებულებებთან ერთად, კითხვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მეორე დღესვე ადმინისტრაციამ სააგენტო “ინტერფაქს უკრაინას” უთხრა, რომ პოროშენკო ნამდვილად იმყოფებოდა მალდივებზე დასასვენებლად, რაშიც საკუთარი ფული გადაიხადა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებიათ.

უკრაინის პრეზიდენტის პირადი ქონება მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი