ახალი ამბები

GNCC-მა “ რუსთავი 2” 31 683 ლარით, “ტელეიმედი” კი 25 748 ლარით დააჯარიმა

9 თებერვალი, 2018 • 4161
GNCC-მა “ რუსთავი 2”  31 683 ლარით, “ტელეიმედი” კი 25 748  ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები, „ტელეიმედი“, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“  და  „იბერია ტვ“ დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო კომპანიებს  კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5% ოდენობის  ნაცვლად  0.1%  დააკისრა.

ჯარიმის ოდნეობა „ტელეიმედის“ შემთხვევაში 25748 ლარს, „რუსთავი2“-ის შემთხვევაში 31 683 ლარს, ხოლო  „იბერია ტვ“-ის შემთხვევაში 3394 ლარს შეადგენს.

კომუნიკაციების კომისია იუწყება, რომ სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი,  სპონსორობის წესებისა და პროდუქტის(საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიამ 14-22 დეკემბერს ჩაატარა.

“მონიტორინგისას აღნიშნული ტელეკომპანიების მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიდებული დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა”, – ნათქვამია კომისიის მიერ 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებელი გააფრთხილეს,  განმეორებითი დარღვევის გამო კი ფინანსური სანქციები დაეკისრათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი