ახალი ამბებიეკონომიკა

კრიპტოვალუტით გამდიდრებული ტოპ 10 ადამიანი “ფორბსის” მიხედვით

8 თებერვალი, 2018 • 6856
კრიპტოვალუტით გამდიდრებული ტოპ 10 ადამიანი “ფორბსის” მიხედვით

ფორბსი”  იმ 19 ადამიანის სიას აქვეყნებს, რომლებმაც კრიპტოვალუტით ყველაზე დიდი მოგება ნახეს. მათ შორისაა “ბიტფურის” აღმასრულებელი დირექტორი, ვლადიმერ ვავილოვიც. “ბიტფური” ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიაა,რომლის დატა [მონაცემების] ცენტრი საქართველოშიც მდებარეობს.

კრიპტოვალუტით  გამდიდრებული ტოპ 10 ადამიანის სია “ფორბსის” მიხედვით ასე გამოიყურება:

კრის ლარსენი

1)კრის ლარსენი
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 7,5 – 8 მილიარდი აშშ დოლარი.

ლარსენი “Ripple-ის” აღმსარულებელი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, ბანკებს სართაშორისო გადარიცხვებს უადვილებს. “Ripple”-ის კრიპტოვალუტას კომპანიის იდენტური სახელწოდება აქვს და მთლიანი კაპიტალი დაახლოებით 95 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 


ჯოზეფ ლუბინი

2)ჯოზეფ ლუბინი
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 1 – 5 მილიარდი აშშ დოლარი.

ლუბინი წარმოშობით ტორონტოდანაა. მისი დაარსებულია ბლოკჩეინ პლატფორმა “Ethereum”. მან ასევე დააფუძნა კომპანია “ConcenSys”, რომლის წარმომადგენლობაც მსოფლიოს გარშემო 28 ქვეყანაშია და კონსულტაციებს უწევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა “Microsoft”.

 

 


 

ჩენპენგ ჯაო

ჩენპენგ ჯაო

3)ჩენპენგ ჯაო
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 1,1 – 2 მილიარდი აშშ დოლარი.

ჯაოს 7 თვეზე ნაკლები დასჭირდა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური კრიპტო-ბირჟის, “Binance”-ის შესაქმნელად, რომელსაც 6 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

საკუთარი იდეის განსახორციელებლად 2014 წელს შანხაიში ჯაომ მის საკუთრებაში არსებული სახლიც გაყიდა. ამ დრომდე არ ფლობს მანქანას. არ აქვს იახტა და სხვა ფუფუნების საგნები.

როგორც “ფორბსი” წერს, ჯაო ჩინეთში დაიბადა, მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ, თავად კი თინეიჯერობის დროს მაკდონალდსში ბურგერებს ფუთავდა და ღამის ცვლაში გაზგასამართ სადგურზე მუშაობდა.


ტაილერ და კამერონ ვინკლევოსები. ფოტო: epa

4)კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 900 მილიონიდან – 1,1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

ტაილერმა და მისმა ტყუპისცალმა კამერონმა ბიტკოინები 2012 წელს შეიძინეს, მაშინ, როცა ამ კრიპტოვალუტის შესახებ ბევრმა არც იცოდა. ძმებმა ნიუ-იორკში კრიპტო-ბირჟა შექმნეს, რომლის დღიური ტრანზაქციები  300 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

ძმები მარკ ცუკერმბერგს “ფეისბუქის” შექმნის იდეის მოპარვაში ადანაშაულებდნენ და სასამართლოსაც მიმართეს. ამ საქმიდან ტყუპებმა 65 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც 11 მილიონი დოლარი ბიტკოინებში დააბანდეს.


მეთიუ მელონი

5) მეთიუ მელონი
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 900 მილიონიდან – 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

მელონი ინდივიდუალური ინვესტორია. ოჯახისა და მეგობრების გაფრთხილების მიუხედავად, 2 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა კრიპტოვალუტაში და “Ripple”-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო.

 

 

 


ბრაიან არმსტრონგი

6) ბრაიან არმსტრონგი
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 900 მილიონიდან – 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

არმსტრონგმა დაარსა კომპანია”Coinbase”, რომლის საშუალებითაც კრიპტოვალუტის შეძენა და მათი სხვა ვალუტებზე გადაცვლაა შესაძლებელი.

 

 

 


მეთიუ როშაკი

 

7) მეთიუ როშაკი
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 900 მილიონიდან – 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

როშაკი ამბობს, რომ იღბლიანია, რადგან ბიტკოინის შესახებ ძალიან ადრე, 2011 წელს შეიტყო და მალევე შეიძინა. როგორც როშაკი ამბობს, რიჩარდ ბრენსონმა და ბილ კლინტონმა თავიანთი პირველი ბიტკოინები სწორედ მისგან მიიღეს.

 

 


ანტონი დი-იორიო

8) ანტონი დი-იორიო
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 900 მილიონიდან – 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

დი-იორიო “Ethereum”-ის თანადამფუძნებელია. რამდენიმე ასეული ათასი დოლარი, რომელიც დი-იორიომ საკუთარი კომპანიებიდან მიიღო,  “Ethereum”-ის შექმნაში დახარჯა. წარმატების ფორმულა ასეთია – “ჩაები ადრეულ სტადიაზე და როცა აქტივების ფასი გაიზრდება, წამოიღე მოგება და ახალ, იმედისმომცემ პროექტში დააბანდე”.

 

 


ბროკ პირსი

9) ბროკ პირსი
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 700 მილიონიდან – 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

პირსი ბავშვობაში მსახიობი იყო. ის კრიპტოვალუტების ერთ-ერთი პიონერია. მისი დაარსებულია რამდენიმე ციფრულ ვალუტაზე მომუშავე კომპანია, მათ შორის: “Mastercoin”, “Coinbase” და “Ethereum-ი”.

2000-იან წლებში პირსმა ” Internet Gaming Entertainment” დააარსა, სადაც ათასობით ადამიანი ჩინეთში ვიდეოთამაშებს თამაშობდა, ვირტუალურ პრიზებს იგებდა, რომლებსაც შემდგომ კომპანია მსოფლიოს გარშემო ვიდეოთამაშების მოყვარულებზე ყიდდა.

ამის შემდეგ პირსი ბიტკოინებით დაინტერესდა და კრიპტოვალუტის სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. 


მაიკლ ნოვოგრატსი

10) მაიკლ ნოვოგრატსი
კრიპტო-კაპიტალის მიახლოებითი ღირებულება: 700 მილიონიდან – 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

ნოვოგრატსი ყოფილი მილიარდერია, რომელმაც 2013 წელს კრიპტოვალუტებში ფულის დაბანდებით კაპიტალი ხელახლა დააგროვა.

“რომ არ გამეყიდა “Ethereum”-ის  (კრიპტოვალუტა) ნაწილი, როცა მათი ფასი 15 დოლარამდე დაეცა, ალბათ გაცილებით მეტი კაპიტალი მექნებოდა, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად, რადგან ამაზე ფიქრი ცუდად გამხდის” – ამბობს ნოვოგრატსი “ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ამ ბიზნესში წარმატებას ისინი აღწევენ, ვისაც ნამდვილად სჯერა წარმატების და არ ჰყვება სპეკულაციებს.


ფორბსის სიაში მეცამეტე ადგილი დაიკავა  ვალერი ვავილოვმა, რომლის კრიპტოკაპიტალი დაახლოებით 700 მილიონიდან – 1 მილიარდ აშშ დოლარამდეა.

ის წარმოშობით ლიტვიდანაა და ბიტკოინის ინდუსტრიის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს, “ბიტფურის” ხელმძღვანელობს.

უკვე სამი წელია, რაც ვავილოვის კომპანიას საქართველოში მონაცემთა ცენტრი აქვს გახსნილი. ვავილოვი ამბობს, რომ  საქართველოში “ყველაფერი ბევრად ადვილად გვარდება, რადგან აქ ბიზნესის კეთების მექანიზმი ძალიან ეფექტურია.” ვავილოვი ასე ფიქრობს, რადგან მის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანია “ბიტფურიმ”:

  • 2014 წელს თანაინვესტირების ფონდისგან 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო და გორში მონაცემთა ცენტრი ააშენა. თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა და აერთიანებს ყაზახ, აზერბაიჯანელ, უკრაინელ, არაბ ინვესტორებს;
  • 2015 წლის ზაფხულში ეკონომიკის სამინისტროსგან გლდანში, მერვე საპყრობილესთან ახლოს 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1 850 000 ლარი იყო, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  იყიდა;
  • 2015 წლის ოქტომბერში ამავე ტერიტორიას მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა და “ბიტფურიმ” იქ მეორე მონაცემთა ცენტრი განათავსა. საქართველოს კანონით “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” კომპანიები, რომლებიც ამ ზონაში საქმიანობენ, გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ).
  • “ბიტფურისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისფულებაა, რადგან ამგვარად კომპანია 18 პროცენტით ნაკლებს იხდის მოხმარებულ ელენერგიაზე. ვავილოვის თქმით, მონაცემთა ცენტრების დანახარჯის 90-95 პროცენტი სწორედ ელენერგიაზე მოდის, რადგან ცენტრებში განთავსებული სერვერები განუწყვეტლივ მუშაობენ, მსოფლიოში ბიტკოინით განხორციელებულ ტრანზაქციებს ამოწმებენ და სანაცვლოდ ახალ ბიტკოინებს მოიპოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი