ახალი ამბები

გუგული მაღრაძე #115-თან ინციდენტზე: ყველას გვევალება სტუმრის პატივისცემა

8 თებერვალი, 2018 • 3551
გუგული მაღრაძე #115-თან ინციდენტზე: ყველას გვევალება სტუმრის პატივისცემა

პარლამენტარი და თსუ-ის პროფესორი გუგული მაღრაძე აუდიტორია #115-ის პროტესტზე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე არშეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სტუდენტებს ანგარიში უნდა გაეწიათ სტუმრებისა და საზეიმო ვითარებისთვის.

დღეს, 8 თებერვალს, თსუ-ის სიუბილეო ღონისძიებაზე შესვლა სცადეს აუდიტორია 115-ის წევრებმა, თუმცა არ შეუშვეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა – გიორგი სოფრომაძე რექტორის გამოსვლს დროს დარბაზში შევიდა და ხმამალა გააპროტესტა მათი არშეშვება. დაცვამ სოფრომაძე გარეთ მალევე გაიყვანა.

“როდესაც სტუმრები არიან ჩამოსული, ყველას გვევალება სტუმრის პატივისცემა. 150 კაცი იყო ჩამოსული, თან. არიან ძალიან საპატიო სტუმრები, მაგალითად, მე რომ შევედი, ფეხზე ვიდექი იმიტომ, რომ დასაჯდომი ადგილი არ იყო. ამიტომ, მე რომ სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტი მიყვარს, ასეთ რაღაცას ცოტა ანგარიში უნდა გავუწიო. მით უმეტეს, არ იყო საუბარი ისეთ რამეზე, რომ პროტესტის გამოთქმა ყოფილიყო საჭირო… ერთადერთი, თუ ძალიან აინტერესებდათ, დავაყენებდი დინამიკებს გარეთ და ვეტყოდი, თუ გაინტერესებთ, რა ხდება შიგნით, აქ მოუსმინეთ,”- განაცხადა გუგული მაღრაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გუგული მაღრაძის თქმით, ეს იყო საზეიმო და არა – სადისკუსიო ღონისძიება:

“აქ არ იყო სადისკუსიო რაღაცები, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც იქ შემოვიდნენ და პროტესტი გამოტქვეს, არ იყო მაგის სიტუაცია. ეს არის საიუბილეო ღონისძიება, თორემ არის შეხვედრები, როდესაც შეიძლება სთხოვოს სტუდენტმა, მოვიდეს პრემიერი, მოვიდეს განათლების მინისტრი, ჰქონდეთ შეხვედრა და იქ სხვა განწყობა იქმნება, ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ დისკუსიაა… საზეიმო ვითარება როცაა, შენც საზეიმო განწყობით უნდა უპასუხო, სტუმრების ჩამოსვლაა და ა.შ. თან ადგილიც არ არის, ხომ ხედავთ,”- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით თსუ-ში 8 თებერვალს გამართულ საიუბილეო ღონისძიებას მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის განცხადებით, ადგილების სიმცირის გამო მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები შეძლებდნენ საიუბილეო ღონისძიებაზე შესვლას. ამან აუდიტორია #115-ის უკმაყოფილება გამოიწვია. #115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ, სააქტო დარბაზის შესასვლელებში დაცვის ყოფნის მიუხედავად, რექტორის სიტყვით გამოსვლის დროს მოახერხა შესვლა და ხმამაღლა გააპროტესტა. “ყველამ უნდა მოითხოვოთ, რომ დღეს აქ სტუდენტები შემოვიდნენ ”- ყვიროდა სოფრომაძე, ვიდრე დაცვა გარეთ გაიყვანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი