ახალი ამბები

სარეკლამო ბაზრის უცნობი მონაცემები – რატომ არ აქვეყნებს კომისია ინფორმაციას

8 თებერვალი, 2018 • 2190
სარეკლამო ბაზრის უცნობი მონაცემები – რატომ არ აქვეყნებს კომისია ინფორმაციას

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის მაუწყებლების შემოსავლები “რუსთავი 2-ის”, “იმედის”, “მაესტროსა” და “ჯი დი ეს-ის” გარეშე აქვს გამოქვეყნებული. რუსთავი 2 ამბობს, რომ მონაცემები კომისიას უკვე გაუგზავნეს.

მარეგულირებელ კომისიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მაუწყებლების 2017 წლის შემოსავლებს კომისია აზუსტებს. მარეგულირებლის ინფორმციით, “იმედის”, “რუსთავი 2-ის”, “მაესტროსა” და “ჯი დი ეს”-ის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემებში კომისიამ მნიშვნელოვანი უზუსტობა აღმოაჩინა.

“სპეციალურად განსაზღვრულ ორ სხვადასხვა ფორმაში, რომლის მიხედვითაც ხდება შემოსავლების დათვლა, კომპანიების მიერ 2017 წელს შევსებული და წარმოდგენილი ფინანსური მონაცემები არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში,” – აცხადებენ კომისიაში.

შემოსავლების არგამოქვეყნების მიზეზად კომისია გასულ წელს სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარებას ასახელებს. “იმედის”, “რუსთავი 2”-ის, “მარაოს, “ჯი დი ეს”-ის, “მაესტროსა” და “კომედი არხის” სარეკლამო დროს კომპანია “ინტერ მედია” ერთიანად ჰყიდდა.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ბაზარზე არსებულმა გარიგებამ, რაც სარეკლამო დროის ერთად გაყიდვას გულისხმობდა, სარეკლამო ბაზარზე ფინანსების გადანაწილების ცვლილება გამოიწვია.

“კომუნიკაციების ეროვნული კომისია სწავლობს აღნიშნულ ცვლილებებს და მის გამომწვევ მიზეზებს. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს სარეკლამო ბაზრის დიდი წილი უჭირავთ, კომისიას მიაჩნია, რომ დაუზუსტებელი მონაცემების გამოქვეყნება გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,” – აცხადებენ კომისიაში.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჯერ არ იციან, როდის გადამოწმდება მონაცემები და როდის გახდება საჯარო ინფორმაცია მაუწყებლების შემოსავლების შესახებ.

მაუწყებლის შესახებ კანონის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, მონაცემების მიღებიდან 7 დღეში გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია.

“მედიის განვითარების ფონდმა” სასამართლოს გასული წლის ოქტომბერში მიმართა. ორგანიზაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ედავება მაუწყებელთა I და II კვარტლების ფინანსურ შემოსავლების არგამოქვეყნების გამო.

“რუსთავი 2”-ის იურისტი თამთა მურადაშვილი სიცრუეს უწოდებს კომისიის განცხადებას, რომ მაუწყებლების მიერ გაგზავნილ ინფორმაციაში უზუსტობა იყო.

“ჩვენ მონაცემები რომ არ შეგვევსო, კომისია გაჩერდებოდა და სანქციას არ დაგვაკისრებდა? რატომ მალავენ ამას, ვერ ვხვდებით. უბრალოდ, გაუგებარია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ინფორმაცია წარვადგინოთ და ჩვენ ეს ვალდებულება შევასრულეთ. კომისიის ვალდებულებაა, ეს მონაცემები გამოაქვეყნოს,” – ამბობს “რუსთავი 2”-ის იურისტი “ნეტგაზეთთნ” საუბრისას.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა იმედის იურისტს. გვაინტერესებდა, რა სახის უზუსტობა აღმოაჩინა კომისიამ მათ მიერ გაგზავნილ ინფორმაციაში, თუმცა ტელეარხისგან ამ ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ  კომუნიკაციების ეროვნული კომისია მსხვილი მაუწყებლების შემოსავლების იმიტომ არ აქვეყნებს, რომ ამ შემთხვევაში, ცნობილი გახდება ინფორმაცია 2017 წელს სარეკლამო ბაზრის მკვეთრად შემცირების შესახებ. მისი თქმით, კომისიას არ უნდა, ეს მაჩვენებელი მაშინ გახდეს ცნობილი, როცა პარლამენტს “მაუწყებლობის შესახებ” კანონისთვის ვეტო აქვს დასაძლევი. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოზიდვის უფლება უჩნდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. ტელეკომპანიები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება დააზარალებს ისედაც შემცირებულ სარეკლამო ბაზარს. თუმცა, სანამ მარეგულირებელი არ გამოაქვეყნებს  ბაზრის მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაციის დამტკიცება დოკუმენტურად შეუძლებელია. 

ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი კომისია ლობირებს აღნიშნულ ცვლილებას, რის გამოც არ აქვეყნებს მონაცემებს სარეკლამო ბაზრის შესახებ:

“ნებისმიერი უზუსტობის დაზუსტება შეიძლება ძალიან მალე. შესაძლოა, მეოთხე კვარტლის უზუსტობა ვერ დააზუსტეს. პირველი, მეორე და მესამე კვარტლის უზუსტობები ამდენ ხანს რატომ ვერ დააზუსტეს? თუ ტელევიზია არ აზუსტებს ამდენ ხანს, მაშინ მაუწყებელს სანქციაც უნდა ჰქონდეს დაწესებული ამდენი ხნის განმავლობაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი