ლევან ვასაძის ოჯახის წევრის სკოლამ ერთ კლასში სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის გამოაცხადა – ომბუდსმენის მიმართვა

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს,“ რომ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, კავშირ „საფარის“ განცხადების თანახმად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა კი არ აქვთ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს.

“სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დანიშვნა, რომელიც სასწავლებლის არგუმენტით, ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას, თავისთავად წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპის კვლავწარმოებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას თანაბარი პირობები დაფინანსების პროცესში, ხოლო გამონაკლისად, სტიპენდიის დაწესების დროს დაასაბუთოს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული პირი ან პირთა ჯგუფი არის ეკონომიკური/სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით დაუცველი ან/და სხვაგვარად დისკრიმინირებულია, ხოლო, მეორე მხრივ, თუ რა შედეგი იქნება მიღწეული დროებითი ღონისძიების გამოყენების შედეგად და როგორ დაეხმარება სტიპენდია სამიზნე ჯგუფს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ გარემოებების მიხედვით, 2017 წლის 28 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სკოლამ გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა VIII კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებული იყო მისაღები გამოცდების შედეგებზე, მისაღები კონტიგენტის რაოდენობა კი განისაზღვრა არაუმეტეს 4 მოსწავლით.

“იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მიერ გავრცელებული განცხადებით, სკოლა VIII კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ განცხადების გამოქვეყნებით არ ისახავდა უარყოფით მიზნებს. სკოლის მიერ სოციალური გვერდით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ VIII კლასში სწავლობს 10 გოგონა და 1 ბიჭი, შესაბამისად, სწორედ მოსწავლეთა დაბალანსების მიზნით სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა მითითებული სეგმენტის დაინტერესებისა და მოზიდვისათვის.

მოპასუხე მხარემ სახალხო დამცველს აცნობა, რომ ბიჭებისათვის სტიპენდიის გამოცხადება ემსახურებოდა ფაქტობრივი თანასწორობის წახალისებას, რადგან 2017-18 სასწავლო წლის VIII კლასში, სადაც გამოცხადდა მიღება, სწავლობს 8 გოგონა და მხოლოდ 2 ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთის მშობელს მომართული ჰქონდა სხვა სკოლაში გადაყვანის შესახებ მოთხოვნით. სკოლის განმარტებით, ვინაიდან სკოლა მიმართული იყო თანასწორობის აღდგენისაკენ, შეიქმნა მსგავსი სტიპენდია, რათა მომხდარიყო მიმღებთა წახალისება, რაც ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და VIII კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას”, – ნათქვამია სახალხო დმაცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

სკოლა ასევე აცხადებს, რომ  2013-14 სასწავლო წლებში, დამატებითი კლასების შევსების მიზნით, სკოლას გამოცხადებული ჰქონდა საგანმანათლებლო მომსახურების ფასდაკლების აქცია VI, VII და VIII კლასის სულ 12 მოსწავლისათვის, VII კლასის დაფინანსება მიემართებოდა მხოლოდ გოგონებს, ხოლო VI და VIII კლასებში – გოგონებსა და ბიჭებს.

სახალხო დამცველი მიესალმება საგანმანათლებლო დაწესებულებების სურვილს, ფინანსურად დაეხმაროს და წაახალისოს მოსწავლეები. თუმცა “აუცილებელია არსებობდეს ნათლად გაწერილი შეფასების კრიტერიუმი, თუ ვისთვის უნდა გამოიყოს სტიპენდია, რათა პრაქტიკამ არ გამოიწვიოს რომელიმე ჯგუფის არახელსაყრელ, არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება და გაუმართლებლად არ გამოირიცხოს საჭიროების მქონე სხვა პირები დაფინანსების მიმღებ პირთა წრიდან”.

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოზიტიური ღონისძიებების განხორციელება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით და არ იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას.

კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსებულია 2009 წლიდან. სკოლის 100%-იან წილს ფლობს შპს “კიკეთის სოციალური პროექტები”, რომლის მესაკუთრეა ლევან ვასაძის ცოლი – ნინო დურგლიშვილი.

სრულად ომბუდსმენის რეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com