აფგან მუხთარლი პატიმრობიდან 2 დღით გაათავისუფლეს

აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობიდან 2 დღით გაათავისუფლეს და დაღუპული ნათესავების 40-ზე დასწრების ნება მისცეს.

აფგან მუხთარლი ზაქათალაში იმყოფება, გარდაცვლილი დისა და დისშვილების 40–ს ესწრება. მასთან ერთად იმყოფება გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილი.

დევნილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის და და ორი დისშვილი 2017 წლის 31 დეკემბერს საცხოვრებელ სახლში დაღუპული ნახეს.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილია, 2017 წლის მაისამდე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, თუმცა, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com