ილონ მასკი – რა ვიცით ტესლას და SpaceX-ის დამფუძნებელზე [მოკლედ]

6 იანვარს Space X-ის მიერ შექმნილი რაკეტა “Falcon Heavy” ფლორიდაში მდებარე ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აშშ-iს დროით 03:45-ზე აფრინდა. მიუხედავად რისკებისა, რომელთა შესახებაც კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი საუბრობდა, ექსპლუატაციაში მყოფმა მსოფლიოს უმძლავრესმა რაკეტამ დედამიწა ყოველვარი ინციდენტის გარეშე დატოვა.

გასულ წელს, კონფერენციაზე გამოსვლისას, ილონ მასკმა SpaceX-ის რაკეტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  SpaceX -ის რაკეტით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა 30 წუთში იქნება შესაძლებელი. ავსტრალიის ქალაქ  ადელაიდეში შეკრებილ აუდიტორიას SpaceX-ის და Tesla-ს  დამფუძნებელმა  უთხრა, რომ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2024 წლიდან დაიწყებს. მარსზე გასამგზავრებლად ილონ მასკი ახალი თაობის რაკეტის, სახელად B.F.R -ის შექმნაზე საუბრობს

ილონ მასკი/ ფოტო: EPA/BEN MACMAHON

ვინ არის ილონ მასკი

ტესლას დამფუძნებელი 1971 წელს სამხრეთ-აფრიკაში დაიბადა. ილონ მასკმა კომპიუტერული პროგრამებისადმი ინტერესი 12 წლის ასაკში გამოავლინა, როცა კომპიუტერული ვიდეოთამაში შექმნა. თამაში ერთ-ერთ ტექნოლოგიებზე მომუშავე გამოცემას მიჰყიდა. კანადელი დედის მეშვეობით მოახერხა კანადის პასპორტის აღება და სწავლა ჯერ ონტარიოში დაიწყო,  90-იანი წლების დასაწყისში კი ამერიკაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძო. 1995 წელს ილონ მასკმა ბაკალავრის ხარისხი აიღო ფიზიკასა და ეკონომიკაში. ამის შემდეგ ტესლას დამფუძნებელი სტანფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა. მასკი ხვდებოდა, რომ ინტერნეტს დიდი რესურსი ჰქონდა, რომელსაც საზოგადოებაში ცვლილებების შესატანად ფიზიკაზე მეტი პოტენციალი გააჩნდა.

მოგვიანებით მასკი ქმნის  Zip2-ს, რომელიც ინტერნეტ-რუკებს ქმნიდა ინტერნეტ-გაზეთებისთვის. ოთხი წლის შემდეგ Zip2 დაახლოებით 300 მილიონ დოლარად გაყიდა. ილონ მასკი ინტერნეტ-გადახდის სისტემის, PayPal-ის თანადამფუძნებელია. 2002 წელს მასკმა PayPal 1.5 მილიარდ დოლარად eBay -ს მიჰყიდა.

2002 წელს ილონ მასკმა SpaceX დააფუძნა. კომპანიამ 2006 წელს პირველი რაკეტა Falcon 1 გამოუშვა.  მასკი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული ელექტრონული მანქანებით. 2003 წელს ტესლა მოტორსის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მალე კომპანიამ შექმნა პირველი ელექტრონული მანქანა Roadster, რომელიც ერთი დატენვით 394 კმ-ს გადიოდა. გასულ წელს ტესლამ 35 ათას დოლარად ღირებული Model 3-ის ელექტრომანქანების წარმოება დაიწყო. ტესლა მოტორსმა საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივ პროდუქციაში გაუშვა პირველი ელექტრო-სპორტული ავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია 2015-2016 წლებში.

რა ქონებას ფლობს ტესლას და SpaceX-ის დამფუძნებელი

46 წლის ილონ მასკი, Forbes-ის მიხედვით, 20.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. მასკი ამ ქონებით ბლომბერგის მილიარდერების ინდექსში 41-ე ადგილს იკავებსმილიარდერი მასკი, რომელმაც დაახლოებით 20 მილიარდის ქონება თვითონ დააგროვა, ხშირად ამბობს, რომ ფული არ არის მისთვის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. “მიზეზი, რის გამოც ეს საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ არსებობს დიდი რაღაცები, რისი კეთებაც მინდა,”-აცხადებს მასკი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.