ახალი ამბებიხელოვნება

დემნა გვასალია: ელეგანტურობა არ არის რელევანტური

7 თებერვალი, 2018 • 4552
დემნა გვასალია: ელეგანტურობა არ არის რელევანტური

“არ ვფიქრობ, რომ ელეგანტურობა რელევანტურია”- ამბობს “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი და Vetements-ის დამფუძნებელი დემნა გვასალია გარდიანთან საუბრისას.

“გარდიანის” სტატია გვიყვება, თუ როგორ შეცვალა გვასალიამ მოდის ინდუსტრია და თავად პარიზიც კი, სადაც აბრეშუმისა და მაქმანების გვერდით გააჩინა სივრცე “ჰუდებისთისაც”.

“Vetements ქუჩის მოდაა და არ ვფიქრობ, რომ ქუჩაში ხალხი ელეგანტურობის მიღწევას ისახავს მიზნად. ჩვენ რაღაცებს განსხვავებულად ვაკეთებთ, მაგრამ, ამავდროულად,  ეს მაინც მსგავსი რამარის, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, Vetements-ის ჰუდი გაცვია, თუ მაღალი მოდის კაბა, ეს მაინც უკავშირდება ადამიანს, რომელიც იცვამს ამ ტანსაცმელს და ფიქრობს, რომ ბედნიერია, ბედნიერია იმით, როგორც გამოიყურება”,- ამბობს გვასალია.

დემნა გვასალიამ Vetements  4 წლის წინ შექმნა და ყველაზე გავლენიან ლეიბლად იქცა თანამედროვე მოდის სამყაროში. Vetements-ის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ დემნა გვასალია ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად მიიწვიეს  და მისი სამყაროც გლამურული გახდა.

“ჩემი მსოფლმხედველობა განსხვავებულია, რადგან პრაგმატულობას ეფუძნება. მოდის სამყარო არ არის რეალური სამყარო და ჩემი ესთეტიკა გარკვეულწილად ჰიპერრეალიზმია. ოცნებით ცხოვრება არ მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში მოწყენილობით მოვკვდებოდი”,- ამბობს გვასალია.

დემნა გვასალიამ ერთი წლის წინ პარიზი დატოვა და ციურიხში გადავიდა საცხოვრებლად ძმასთან და მისი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, გურამ გვასალიასთან ერთად. Vetements-ის მთავარი ოფისიც იქ გადაიტანა.

დემნა გვასალია 1981 წელს სოხუმში დაიბადა.  “გარდიანი” წერს, რომ 1989 წელს მისთვის საბჭოთა ესთეტიკა დაიმსხვრა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ყოველდღიურობაში პოპ-მუსიკა, კოკა-კოლა და ჟურნალი ვოგი გაჩნდა. დიზაინერის თქმით, Vetements-ის ბოლო ჩვენება ყველაზე ახლოს დგას მის აღმოსავლეთევროპულ წარსულთან- “ეს 100%-ით მე ვიყავი, ჩემი ესთეტიკა იყო”.

დიზაინერი იხსენებს, რომ ბოლო შოუზე საქართველოდანაც შეარჩიეს მოდელი, რომელიც 16 წლისაა და ინსტაგრამის საშუალებით იპოვეს:

“როდესაც მას წითელი ყვავილებიანი კაბა და ქურთუკი ჩავაცვი და თავზე შარფი გავუკეთე, ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც  ქალები იმ ადგილიდან, სადაც მე გავიზარდე”.

გვასალია 10 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო და ძმასთან, დედასთან  და ბებიასთან ერთად  მთების გავლით გაიქცა. მათ მანქანის მიტოვება მოუწიათ და გზა ფეხით განაგრძეს. იძულებული გახდნენ, რომ კალაშნიკოვი გაეყიდათ, ბებიისთვის ცხენი რომ ეყიდათ. საბოლოოდ გვასალიების ოჯახი თბილისში დასახლდა.

“გარისკვას ბავშვობიდან მივეჩვიე, რისკი Vetements-ის ბირთვია. მოდის ინდუსტრიაში დღეს უნდა გარისკო იმისთვის, რომ გადარჩე”- ამბობს დიზაინერი.

Vetements-ის ფარგლებში დემნა გვასალიამ კაცის და ქალის ტანსაცმლის ჩვენება ერთად მოაწყო, მაღალი მოდის კაბებთან ერთად კი ჰუდები იყო წარმოდგენილი. – “ჩვენ ნულიდან დავიწყეთ ახალი ბრენდის შექმნა და 4- წლიანი ბრენდის ადაპტირება ვერ მოხერხდებოდა იმ ინდუსტრიის წესებთან, რომელიც საუკუნეს ითვლის”.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ამ ტაქტიკას წარბებაწეული შეხვდნენ,  ფაქტია, მან გაამართლა, – წერს “გარდიანი”.

დიზაინერის თქმით, ამჟამად გულწრფელობაა მისი მთავარი აკვიატება.

“ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში და რა ხდება ჩვენ ირგვლივ, ჩვენ გამჭვირვალობა გვჭირდება”.

დემნა გვასალია თავადაც გულწრფელად საუბრობს მარჯიელას გავლენაზე, სადაც წლები მუშაობდა. ბოლო კოლექციაში  მარჯიელას სამარკო ნიშნები ბლომად გამოიყენა.  როგორც თავად ამბობს,  ეს იმის საჩვენებლად გააკეთა, რომ  გავლენის, პლაგიატის და ასლის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია.

VETEMENTS FALL-WINTER 2019 @voguerunway

A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on

მასალების გადაბეჭდვის წესი