პროკურატურამ საზმაუს თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გაგზავნილი შემოწმების მასალების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის შესაძლო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა. თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია ფაქტზე და არა ლელა გაფრინდაშვილის, ან ვინმე სხვა კონკრეტული პირის წინააღმდეგ.

ლელა გაფრინდაშვილის თხოვნით, ამ საკითხზე 6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელსაც ბორდის წევრების გარდა, მხოლოდ ორი დამოუკიდებელი დამკვირვებელი დაესწრო: ლიბერალის ჟურნალისტი ქრისტინე მუჯირი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წევრი ლევან ავალიშვილი. ლიბერალმა მთელი შეხვედრა პირდაპირ ეთერში უჩვენა.

ლელა გაფრინდაშვილის პოზიცია

“ფინანსური განყოფილების უფროსმა დამირეკა, ათასი ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს არის მათი შეცდომა, რომელიც აუცილებლად გასწორდება და მე არაფერზე უნდა ვიღელვო. ვიცი, რომ კონტროლის პალატაში უნდა მივიდე შეხვედრაზე, მაგრამ დილით ისევ მირეკავს ქალბატონი ირინა და მეუბნება, რომ სანამ კონტროლის პალატის წარმომადგენელს შევხვდები, აუცილებლად უნდა შევხვდე ფინანსური განყოფილების უფროსს, რომელსაც წინა დღით ვესაუბრე. მე შევხვდი ფინანსური განყოფილების უფროსს, რომელმაც, როგორც ჟარგონზე იტყვიან, “უკვე პლასტინკა შეცვალა” და მითხრა, რომ “მე მოსული ვარ ამ ანგარიშით… და ა.შ.

ცხადია, მე მასთან არანაირი ახსნა-განმარტება დამიწყია. ავედი კონტროლის პალატის წარმომადგენელთან, სადაც დავწერე ახსნა-განმარტება, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. დავტოვე ჩემი ანგარიში, რომელზეც მითხრა, რომ წაიკითხავდა და დატოვებდა სამეურვეო საბჭოში, სადაც ვიდეოჩაწერა მიმდიანრეობდა, რისი დადასტურებაც შესაძლებელია. კონტროლის პალატის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ ეს ახსნა-განმარტება დამებეჭდა, დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა რომ ყოფილიყო.

მე ჩამოვედი ირინასთან. მან შემომთავაზა კომპიუტერზე ამ ყველაფრის აკრეფვა, რაც უნდა მიმეტანა. ავკრიფე, ამოვბეჭდე, მაგრამ ერთი რამე მეუცნაურა – ქალბატონი ირინას კომპიუტერიდან ეს დოკუმენტი ვერ წავშალე.

შემდეგ მივხვდი, რომ რადგან დოკუმენტი არ იშლებოდა, კონტენტი უნდა წამეშალა. ამიტომ დოკუმენტი დავტოვე, მაგრამ რაც შიგ მეწერა, წავშალე და წავედი სახლში. შემდეგ, 2017 წლის 4-5 მარტს, სამეურვეო საბჭოს ყველა იმჟამინდელ წევრს გამოვუგზავნე ელექტრონულ მისამართზე წერილი, რომელიც ასევე დოკუმენტია. მე რომ ვერ მოვიგონებ ამას, ეს ცხადზე უცხადესია. რაზეც კონტროლის პალატას მივეცი ახსნა-განმარტება, ყველაფერი ჩამოვაყალიბე ამ წერილში. ამ წერილის ბოლოს ბორდის წევრებს ვთხოვე, რომ გინდ დახურულ, გინდ ღია შეხვედრა მოეწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზუსტად მეორე დღეს, 6 მარტს, მე და ქალბატონი მარინა [მუსხელიშვილი – ბორდის წევრი] ვიყავით ვახო სანაიას “ხალხის პოლიტიკაში”, სადაც გადაცემის დაწყებამდე ერთმანეთს შევხვდით და ვისაუბრეთ. ქალბატონმა მარინამ მითხრა, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულია, მოვიდოდი ბორდთან, გავაკეთებდი პრეზენტაციას და დამთავრდებოდა ამით ყველაფერი. მე ისევ ვენდე და ნდობა თუ დანაშაულია, აქამდე არ ვიცოდი… მოკლედ, გავჩერდი ამ თემასთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, სულ ველოდებოდი და ამის შესახებაც ადამიანებთან მიმოწერები მაქვს, როგორც დოკუმენტები; ველოდები, როდის დაადასტურებენ, რომ მე ანგარიში გაკეთებული მაქვს, რომ რა კარგია საზოგადოებრივი საბჭოები და ა.შ. ასევე, დამავიწყდა ქალბატონ მარინასთან ადრინდელი შეხვედრა ახალი დირექტორის არჩევამდე უნივერსიტეტში, როდესაც მას ვუთხარი, რომ ანგარიში მზად მაქვს და ვნერვიულობ. მან მითხრა, რომ ახლა ამისთვის არავის სცალია, არჩევნებია და ა.შ. ხოლო მერე შესაძლებელი იქნებოდა.

ეს იყო, როგორც მოგახსენეთ, 2017 წლის მარტს და ახლა არის 2018 წლის თებერვალი. ეს არის, რისი თქმაც მინდა ჩემს საკითხთან დაკავშირებით. იმაში, რომ სამეურვეო საბჭოს შეუძლია წერტილი დაუსვას ამ ამბავს, ვარ ისევე დარწმუნებული, როგორი დარწმუნებულიც ვარ ჩემს კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაში.”

ბორდის წევრების განმარტებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ამავე შეხვედრაზე დაადასტურა, რომ ჰქონდათ თანამშრომლობის სურვილი საზოგადოებრივ საბჭოებთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევაზე. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ეჭვი არ ეპარებათ ლელა გაფრინდაშვილის კეთილსინდისირებასა და პროფესიონალიზმში.

ისინი ასევე დარწმუნებული არიან, რომ მართლაც მაღალ დონეზე შეასრულა გაფრინდაშვილმა სამუშაოები, თუმცა აცხადებენ, რომ ოფიციალურად არ ყოფილა ეს შეთანხმებული.

“პროცედურა ყოველთვის იყო ასეთი: ბორდი თანხმდებოდა ადამიანზე, ბორდი თანხმდებოდა საკითხზე, ბორდი თანხმდებოდა ფინანსურ ნაწილზე იმიტომ, რომ ეს უკავშირდებოდა ბიუჯეტს. შემდეგ ხდებოდა ხელშეკრულების გაფორმება, რასაც მოჰყვებოდა ბარათი, რომელიც ეგზავნებოდა ბუღალტერიას, რომ საჭირო სამუშაოსთვის გადახდილიყო ჰონორარის სახით თანხა – სხვანაირად ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა კერძო ორგანიზაციები, რომ ეს პროცედურები არ ყოფილიყო დაცული…

…ქალბატონ ლელასთან მე მქონდა საუბარი ზაფხულში და ავუხსენი, რომ ეს ჯგუფი არ მუშაობდა. მან მითხრა, რომ გარკვეულ მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებდა. ჩემგან ეს იყო აღქმული, რომ ემზადებოდა სამუშაოდ იმიტომ, რომ არ ვფლობდი ინფორმაციას და არც შეიძლება მცოდნოდა გადახდილი თანხის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფაქტი აღმოჩნდა კონტროლის პალატის შემოწმების შედეგად. ყევლამ, მათ შორის ბუღალტერიამაც, შეიტყო ერთი წლის შემდეგ, კონტროლის პალატის შემოწმების შემდეგ,” – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

მარინა მუსხელიშვილს დღევანდელ სხდომაზე აინტერესებდა, თუ რატომ არ მივიდა სამეურვეო საბჭოში ლელა გაფრინდაშვილი, თუ გადაწყვიტა, რომ მას კვლევისთვის ერიცხებოდა თანხები. სამეურვეო საბჭოს წევრი არალოგიკურად მიიჩნევს ლელა გაფრინდაშვილის მიდგომას.

“ხომ იცოდი, როგორ ვმუშაობდით? – ყველა საკითხს კოლექტიურად გავდიოდით და კონტრაქტში ვაფიქსირებდით. ზეპირი ხელშეკრულება არც ერთხელ დაგვიდია.

რამდენ ხანს დაგერიცხებოდა ეს თანხა, ხომ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იცოდე კვლევის მოცულობა? გვაინტერესებს, თუ არა რეგიონებია, ესეც ხომ ჩვენთან უნდა შეგეთანხმებინა? კარგი… სექტემბერში შეგიწყდა [თანხის დარიცხვა] და დამთავრებული გაქვს კვლევა… ხომ უნდა გადმოაგზავნო? მეც ბევრი პროექტი გამიკეთებია და ბევრ კვლევაში მიმიღია მონაწილეობა. მეკითხება თუ არა დამკვეთი, მე შედეგს ვუგზავნი. დეკემბერში მაინც გადმოგეგზავნა,” – განაცხადა სხდომაზე მარინა მუსხელიშვილმა.

ლელა გაფრინდაშვილმა მარინა მუსხელიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე, დაინტერესების შემთხვევაში, მის მიერ მომზადებულ კვლევაში ნახავდნენ პასუხებს.

“ლოგიკაც ძალიან საინტერესოა, ესთეტიკაც და პოეტიკაც, როცა ამას ეხება. ამ კვლევას მე ინდივიდუალურად ვატარებდი და ეს არ იყო ორგანიზაციის გაკეთბული კვლევა. ამიტომ ასეთი ნიუანსები, რასაც მეკითხებოდით, ჩავატარეთ პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული კვლევა და ორგანიზაციას დავუდეთ ხელშეკრულება. ლოგიკა არა მარტო ნასწავლი მაქვს, არამედ ვიცი და ვიყენებ ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის, კვლევებში. ამიტომ, ამ ლოგიკას ძალიან ადვილად დაინახავთ ჩემს კვლევაში,” – ასე უპასუხა ლელა გაფრინდაშვილმა მარინა მუსხელიშვილს.

გრიგოლ გოგელიას თქმით, რა პროდუქტი უნდა მიეტანა სამეურვეო საბჭოში, რა ვადაში და რამდენი ლარი უნდა დახარჯულიყო ამისთვის, ამასთან დაკავშირებით ლელა გაფრინდაშვილთან არ უმსჯელიათ. ბორდის ყოფილი წევრი კი აცხადებს, რომ მისი ვალდებულება არ იყო ხელშეკრულების გაფორმება და ეს საკითხი ბორდს თვითნ უნდა მოეგვარებინა.

სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ეს არის ბუღალტერიის შეცდომა და არა ლელა გაფრინდაშვილის, რადგან ის საკუთარ თავს თანხებს ვერ გადაურიცხავდა. ლელა გაფრინდაშვილს სხდომაზე მის მიერ მომზადებული კვლევის დოკუმენტი ჰქონდა მიტანილი, რისთვისაც, როგორც ფიქრობდა, თანხა ერიცხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.

შეხვედრის ბოლოს გრიგოლ გოგელიამ განაცხადა, რომ საბჭოზე განიხილევენ – იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ ლელა გაფრინდაშვილთან მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში მოგვარდეს ეს საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა წუხილი გამოთქვეს, რადგან მსგავსი რაღაცები პიროვნულ გაუგებრობებს იწვევს.

გოგელია ამბობს, რომ კეთილი სურვილებისა და თანამშრომლობის გარდა არაფერი სურდა ლელა გაფრინდაშვილისგან. ბორდის თავმჯდომარე მიიჩნევს, არავის ჰქონია მიზნად ლელა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და საქმე მხოლოდ გაუგებრობაშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.