ახალი ამბები

ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

6 თებერვალი, 2018 • 3591
ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

დღეს, 6 თებერვალს, ქართველი პოლიტიკოსი, მედიკოსი და პუბლიცისტი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი (1992-1995, 2012-2016) ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ოთარ ჩრდილელი წერს. ინფორმაცია ნეტგაზეთს მეორე წყარომაც დაუდასტურა.

ფრიდონ საყვარელიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

[red_box]ბიოგრაფია[/red_box]

ფრიდონ საყვარელიძემ 1971 წელს თბილისის I საშუალო სკოლა დაამთავრა, ხოლო სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი – 1978 წელს ექიმ-კარდიოლოგის სპეციალობით. ის იყო მედიცინის დოქტორი.

1992-2016 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიის და მისი ეროვნული კომიტეტის წევრი. “რესპუბლიკელების” გამოსვლამდე კოალიცია “ქართული ოცნებიდან, გახლდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დავით უსუფაშვილთან ერთად, ფრიდონ საყვარელიძემ რესპუბლიკური პარტია დატოვა.

1989 წლიდან იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის („დასი”, „საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა”, „პლურალიზმის ცენტრი”, „რესპუბლიკური ინსტიტუტი”) — დამფუძნებელი და მმართველი ორგანოს წევრი.

2011-2016 წლებში გახლდათ „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, საგანი — „დიადი წიგნები”. 2017 წლიდან ასწავლიდა “პოლიტიკურ იდეოლოგიებს”.

ფრიდონ საყვარელიძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში“ ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე.

სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოიცა: „შენიშვნები ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ“, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლები“, „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ და „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ“.

ის გახლდათ ავტორი წიგნისა „მადამ გილიოტინას საყვარლები“, ხოლო თანაავტორი წიგნებისა — „საქართველოს კონსტიტუცია (შინაარსისა და საფუძვლების მიმოხილვა)“, „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“ და „დემოკრატია და ქართული კულტურა“.

ფრიდონ საყვარელიძემ, ოთარ ზოიძესთან ერთად, ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნები: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, „ცოცხალი რწმენის შესახებ“, „ევქარისტია“ და „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება“.

ფრიდონ საყვარელიძე © რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი