ახალი ამბები

ნათია ზამბახიძე “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსის კონკურსში მონაწილეობს

6 თებერვალი, 2018 • 43959
ნათია ზამბახიძე “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსის კონკურსში მონაწილეობს

აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე აცხადებს, რომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა. 

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 იანვარს რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა თანამდებობა. დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავი 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.

“ნეტგაზეთმა” ნათია ზამბახიძეს შეკითხვები წერილობითი ფორმით გაუგზავნა, სადაც მას ვკითხეთ, რა მიაჩნდა  მთავარ გამოწვევად “რადიო თავისუფლებისთვის”, რის შეცვლას გეგმავდა და ასევე მიწანშეწონილად მიაჩნია თუ არა “რადიო თავისუფლების” თანამშრომლობა ტელეკომპანიაებთან, “რუსთავი 2”-თან ან “იმედთან”, რაზეც ზამბახიძემ გვიპასუხა:

“გააზრებული მაქვს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგება ქართული სამსახურის ახალი დირექტორი და რომლის წინაშეც დგას „რადიო თავისუფლება“. ამ ეტაპზე, უფრო კონკრეტულად ჩემი სტრატეგიის  და მოსაზრებების შესახებ მედიაში საუბარი, მიუხედავად საჯარო ინტერესისა, ნაადრევად მეჩვენება ორი მიზეზის გამო –ჯერჯერობით ვარ მხოლოდ კანდიდატი, და მეორე, ვფიქრობ, არ არის მართებული,  „თავისუფლების“ გუნდთან შეხვედრამდე და მოსაზრებების გაზიარებამდე/შეჯერებამდე მათ მედიუმის მეშვეობით შეიტყონ ნებისმიერი კანდიდატის იდეების შესახებ”,- უთხრა ზამბახიძემ “ნეტგაზეთს”. 

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი განიხილებოდა – ნათია ზამბახიძე და ნატალია ანთელავა (BBC -ის ყოფილი კორესპონდენტი და “კოდა სთორის” აღმასრულებელი დირექტორი და რედაქტორი), თუმცა ანთელავამ აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის თანახმად, ნათია ზამბახიძე აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებს. საელჩოში მუშაობამდე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო. ზამბახიძემ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელევიზია მალევე დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი