ახალი ამბებიეკონომიკა

ბახმაროს განვითარების გეგმა – იქნება თუ არა დაცული მესაკუთრეების უფლებები

6 თებერვალი, 2018 • 6894
ბახმაროს განვითარების გეგმა – იქნება თუ არა დაცული მესაკუთრეების უფლებები

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება. რას და რატომ გეგმავს მთავრობა ბახმაროში და რა ბედი ელით მესაკუთრეებს?

“მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი”

„მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით“, – ასე ახასიათებენ სპეციალისტები ბახმაროს, სადაც საქართველოს მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტს გეგმავს.

ბახმაროს მთავრობამ სარეკრეაციო ზონის სტატუსი 2017 წლის ივლისში მიანიჭა და სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც უკვე დაამტკიცა.

ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. შეისწავლეს გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული და კლიმატური პირობები. გაკეთდა ინფრასტრუქტურის და საკუთრების ანალიზი; შეაფასეს მოსალოდნელი საფრთხეები და კურორტის სათხილამურო პოტენციალი.

„პირველი ამოცანა არის ზაფხულის სეზონი გაიზარდოს. თვენახევრითაც რომ მოხდეს ეს, რეგიონის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება. სამომავლო პერსპექტივა არის ის, რომ ამას დაემატება ზამთრის სეზონი. საბოლოოდ მივიღებთ 4-სეზონიან აქტიური დასვენების ადგილს, რომელსაც შეეძლება ერთ პიკურ დღეს, 10 ათასი ადამიანი დაიტიოს, დამსვენებლების და მომსახურე პერსონალის ჩათვლით,“ – უთხრა „ბათუმელებს“„არტსტუდიო პროექტის“ არქიტექტორმა შიო დემეტრაშვილმა.

იმისთვის, რომ კურორტზე ოთხი სეზონისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა გაჩნდეს, ეტაპობრივად იგეგმება ელექტროენერგიის, კანალიზაციის, გაზისა და წყლის შეყვანა.

„ბახმაროს აქვს ელექტროგაყვანილობის სისტემა, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იყო მიწაში ჩაედოთ გაყვანილობა და არ ყოფილიყო გარეთ. საკმაოდ დიდი ნალექი მოდის ზამთარში, 4-5 მეტრს აღწევს თოვლი, პრობლემაა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მოვლა. ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდი საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ გაყვანილობა ჩადოს მიწაში და ყველა სახლთან მიიყვანოს ინდივიდუალური მრიცხველი,“ – გვეუბნება შიო დემეტრაშვილი დაგეგმილ პროექტებზე.

ბახმაროში სასრიალო ტრასების მოწყობა ფაფარას ქედზე იგეგმება. სასრიალო ტრასა იქნება მთა ლაშის ფერის და მთა საყორნიას შორის არეალზეც. ფოტო: არტსტუდიო პროექტი

ბახმაროში სათხილამურო ტრასებს მთის კურორტების მართვის კომპანია მოაწყობს. აღნიშნული კომპანია უკვე მართავს სამთო სათხილამურო კურორტებს – გუდაურსა და ბაკურიანს.

„ეს გეგმა მოიცავს ზონირებას. ზონირება არის საფუძველი ნებართვის გაცემისთვის, სადაც დგინდება კოეფიციენტი, სიმაღლე, განაშენიანების სიმჭიდროვე და სხვა პარამეტრები. ასევე გეგმავს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას – გზები, წყალი, კანალიზაცია. ასევე გვაქვს სარეკომენდაციო არქიტექტურული პროექტები, რომელიც უფასოდ გავრცელდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“„არტსტუდიო პროექტის“ არქიტექტორმა  შიო დემეტრაშვილმა.

მისი თქმით, გენგეგმის ფარგლებში შემუშავდა ხუთი ტიპის საცხოვრებელი და მცირე ზომის (10 საწოლამდე) სასტუმრო/დასასვენებელი სახლების არქიტექტურული პროექტები. 5 მზა პროექტიდან  სამი პროექტი (ესკიზი) სასტუმროს ტიპის ნაგებობისთვისაა, ორი კი კერძო საცხოვრებელი სახლის. მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პირს, რომელიც ამ პროექტების მიხედვით დაიწყებს მშენებლობას, პროცესში ექნება საშუალება თავისი სურვილისამებრ გადააკეთოს შენობა.

საცხოვრებელი სახლებისა და მცირე ზომის სასტუმროების არქიტექტურული პროექტები

 

იქნება თუ არა დაცული ბახმაროში მესაკუთრეების უფლებები

მთავარი კითხვა, რაც ბახმაროში საკუთრების მფლობელებს აწუხებთ, ის არის, რა მოხდება მას შემდეგ, რაც იქ სამთო-სათხილამურო კურორტად გადაქცევისთვის სამუშაოების ჩატარება დაიწყება. გენერალურ გეგმაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი.

„საკუთრება პრობლემური იყო. არის მცირე ნაკვეთები, რომელიც ტყის ან მდინარის დაცვის ზონაშია, ასევე ზოგი ნაკვეთი ზვავსაშიშ ადგილებშია. ჩვენ მოვამზადეთ სარეკომენდაციო ნაწილი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ნაკვეთების გადაცვლა. თუ ვიღაცას აქვს ისეთი ნაგებობა, რომელიც შეუთავსებელია განვითარებასთან [ტყის დაცვის ზონაში ან ზვავსაშიშ ადგილასაა],  შეუძლია ჰქონდეს იქ საკუთრება, არავინ არ წაართმევს და არავინ დაუნგრევს. მაგრამ თუ ის სამომავლოდ გადაწყვეტს, რომ ეს სახლი დაანგრიოს და მის ადგილას ახალი სახლი ააშენოს, მშენებლობის ნებართვას ვეღარ მიიღებს. მესაკუთრეს სახელმწიფო სთავაზობს გადაუცვალოს საკუთრება იმ ადგილას, სადაც მას [სახელმწიფოს] რესურსი აქვს და სადაც შესაძლებელია მშენებლობა. მსგავსი სქემა, მაგალითად, ბაკურიანში შეუძლებელია, რადგან  იქ უკვე ყველაფერი გასხვისებულია. ბახმაროში შეიძლება,“ – ამბობს შიო დემეტრაშვილი.

ბახმაროში არსებული საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ხისგან არის აგებული და ის მხოლოდ ზაფხულში გამოყენებისთვისაა გათვალისწინებული.

გენგეგმაში არსებული მონაცემებით, სარეკრეაციო ტერიტორიაზე, უშუალოდ საკურორტო დასახლებაში, დაახლოებით 2 300-მდე შენობაა, რომელთა 48%-ი არ არის რეგისტრირებული.

ტურისტები ბახმაროში ფოტო: Dirk Wagener

მთავარი ფოტო:  Corinna Frey

 

მასალების გადაბეჭდვის წესი