ახალი ამბები

EMC და საია შრომის უსაფრთხოებაზე კანონის უმოკლეს ვადებში მიღებას მოითხოვენ

6 თებერვალი, 2018 • 2217
EMC და საია შრომის უსაფრთხოებაზე კანონის უმოკლეს ვადებში მიღებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები – EMC და საია მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეჯერდნენ ეფექტიანი “შრომის უსაფრთხოების კანონის” ტექსტზე.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტი 2017  წლის 1 ივნისს შევიდა პარლამენტში, პირველი მოსმენით მალევე უყარეს კენჭი, თუმცა მეორე მოსმენაზე ამ დრომდე ვერ გავიდა.

ეს კანონპროექტი გუშინ, 5 თებერვალს პარლამენტის ჯანმდაცვის კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა, თუმცა მთავრობამ არ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი განხილვისათვის და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა.

“ნიშანდობლივია, რომ საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა პრინციპულ პოზიციებსაც უკავშირდება კანონპროექტის ტექსტზე შეუთანხმებლობა და კანონის მიღების გაჭიანურება. პროცესის გაჭიანურებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან 2017 წლის დეკემბერშიც ჰქონდა ადგილი, რამაც შეუძლებელი გახადა კანონის დამტკიცება წლის ბოლომდე, რაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობის დაპირებას წარმოადგენდა,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციების განცხადებით, ეს პროცესი აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ცხადი პოლიტიკური ნება, რომ რეალურად გადაჭრას დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხები დასაქმების ადგილებზე. ასევე, აამოქმედოს ეფექტური კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებას შრომის ზედამხედველობის სათანადო მანდატსა და მექანიზმებს განუსაზღვრავს.

არასამთავრობოებს შენიშვნები შემოთავაზებულ კანოონპროექტთანაც აქვთ:

“კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მისი მოქმედების შეზღუდული სფერო წარმოადგენს.  კანონის პროექტის შემოთავაზებული ვერსიით ის არა ყველა, არამედ მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება (რომელთა ჩამონათვალი მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან სამ თვეში უნდა დაამტკიცოს), ისიც, მხოლოდ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნაწილში. ამგვარი რეგულაცია იმთავითვე გამორიცხავს დასაქმებულებს, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ვერ მოხვდებიან, რაც დასაქმებულთა შორის გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებთ მათ. ამასთან, კანონპროექტის ინიციატორს ამ დრომდე არ გაუზიარებია კონსენსუალური შეთავაზება, რომელიც გულისხმობს კანონის გარდამავალ დებულებებში კონკრეტული ვადის მითითებას, რომლის დადგომისთანავე ავტომატურად გაფართოვდება კანონის მოქმედების სფერო და ის ყველა დასაქმების ადგილს დაფარავს.

მეტიც, კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ნათელი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრინციპულად ითხოვს, კიდევ უფრო დავიწროვდეს კანონის მოქმედების სფერო და ნაცვლად „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისა“ განისაზღვროს „მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე და მავნეპირობებიანი სამუშაოები“, რაც „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანით დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და ამასთან, არ მოიცავს საშიშპირობებიან სამუშაოებს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციით კანონი არ უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულებებზე, რაც ასევე დაუსაბუთებელი მოსაზრებაა და მიზნად ისახავს, კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხოს საჯარო დაწესებულებები.

კანონის პროექტის წარმოდგენილი ვერსიის მნიშვნელოვან ხარვეზს კვლავ წარმოადგენს ინსპექტირების მექანიზმის სუსტი მანდატი სამუშაო ადგილებზე დაშვების კუთხით. კერძოდ, კანონპროექტი, გამონაკლისის გარდა, არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს სამუშაო ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესად ვალდებულია ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს. დასაქმების ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობა, განსაკუთრებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მყისიერი რისკის არსებობის პირობებში, ინსპექტირების მექანიზმს ასუსტებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის შრომის საერთაშირისო ორგანიზაციის სტანდარტებთან და ეროვნული საზედამხედველო ორგანოების მუშაობის ლოგიკასთან, რომელთა ნაწილს (როდესაც ორგანოს საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებულ საკითხებს მიემართება) ეროვნული კანონმდებლობა ანიჭებს უპირობო უფლებას, დამატებითი ბარიერების გარეშე განახორციელონ საზედამხედველო საქმიანობა. ამდენად, გაუგებარია, რატომ არ ხვდება შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანო კანონმდებლის არსებულ და მოქმედ ლოგიკაში.

კანონპროექტით შემოთავაზებული სანქცირების მექანიზმის გამართულობა პირდაპირ კავშირშია კანონის ეფექტიან აღსრულებასთან. შემოთავაზებულ ვერსიაში კვლავ პრობლემურია, რომ პროექტი  სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობებს განსაზღვრავს. კერძოდ, მისი მიხედვით, ჯარიმის მინიმალურ ოდენობას 50, ხოლო მაქსიმალურს – 1200 ლარი წარმოდგენს. მაგალითისათვის, ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეშლა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ამას გარდა, პროექტი ადგენს  თითოეულ დარღვევაზე განსაზღვრულ ჯარიმათა საერთო ოდენობის ზედა ჭერს (ზღვარს) მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 6000 ლარის ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ დარღვევებისათვის საერთო ჯარიმამ (მათი რაოდენობის მიუხედავად) კანონით განსაზღვრულ ზედა ჭერს არ უნდა გადააჭარბოს. ამდენად, მივიჩნევთ, რომ ჯარიმის შემოთავაზებული მექანიზმი მისი უკიდურესად მცირე ოდენობების გათვალისწინებით ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ის უნდა გადაიხედოს.

ამას გარდა, კანონის სათანადო აღსრულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საზედამხედველო მექანიზმის გაძლიერება შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით. თუმცა,  კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ მისი ამოქმედება ახალ ფინანსურ ვალდებულებებს სახელმწიფოსათვის არ წარმოშობს. ამასთან, კანონის პროექტის დამუშავების პროცესში ამ დრომდე არ მომხდარა რეფორმის აღსრულებისათვის აუცილებელი ფინანსური ხარჯების გაანგარიშება, რაც მისი ეფექტიანი დანერგვისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამგვარი მიდგომა კი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს რეალურ მზაობას, მიმართოს მაქსიმალური ძალისხმევა რეფორმის სათანადო გატარებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ცხადად დააფიქსირეს საკუთარი მზადყოფნა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში – თვის ბოლომდე დაამტკიცონ კანონი, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების სათანადო გადაჭრას.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს:

– საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ კანონის პროექტის იმგვარ ტექსტზე შეჯერება, რაც სრულად გამორიცხავს სამუშაო ჯგუფში დამუშავებული ვერსიის დასუსტებას და დამატებით გაითვალისწინებს იმ არსებით საკითხებს, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ეფექტიანი რეფორმის გატარებისათვის;

– საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც რეალურად უპასუხებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს,“- აცხადებენ ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი